ექიმი საწოლთან იდგა და ახალგაზრდა ქალის ფერმკრთალ, დატანჯულ სახეს უყურებდა.
ექიმს აღარაფერი უთქვამს.
ქალმა თვალები გაახილა. ექიმს მიაშტერდა, შემდეგ ისევ დახუჭა.
ექიმი ფანჯრისკენ შებრუნდა. აპრილის წვიმიანი დღე იყო. მსხვილი წვეთები კრამიტებს ეცემოდნენ და შხეფებად იფანტებოდნენ.
ქალს სახე გაფითრებული ჰქონდა, ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი მოლურჯო, მონაცრისფრო ფერი დაჰკავდა, შუბლზე სველი თმები მიწეპებოდა.
– მორჩა! – ვენსმა სასუნთქი ნარევის წითლად მოციმციმე მაჩვენებელს დახედა. 2 წუთის მარაგიღა ჰქონდა დარჩენილი. სჯობს ჰერმოშლემი მოიხსნას, მაშინ ჟანგბადისგან სიკვდილი მყისიერი იქნება და წამებით დახრჩობას თავიდან აიცილებს. ვენსმა ჰერმოშლემის საკეტებს ხსნიდა, როდესაც შხამიანი ღრუბლიდან, რომელიც წყლის ორთქლისგან შედგებოდა, უცხოპლანეტელების ვერცხლისფერი ისარი გამოჩნდა. თვითმფრინავის თავბრუდამხვევი სისწრაფით მოახლოების პარალელურად დოქტორი ვენსი ერთი მეორეს მიყოლებით განაგრძობდა შლემის საკეტების გახსნას ხელების ზედა წყვილით, ხელების ქვედა წყვილი კი ძველი ტრადიციული ჟესტით გადაიჯავარედინა, წყევლას და ზიზღს რომ აღნიშნავდა.
დოქტორ ვენსს მეტი არაფრის გაკეთება შეძლო.
– ოჰო! კიდევ ერთი ცოცხალი ტარაკანი! როგორ არ კვდებიან ეს პარაზიტები – მონიტორზე ახლა ცხადად ჩანდა აბორიგენი, რომელსაც დამცავი სკაფანდრი ეცვა. წინა თათებით შლემის მოხსნას ცდილობდა, შუა თათები კი ყველა ტარაკანულ სახსარში გადაჯვარედინებული ჰქონდა. ლეიტენანტს ზახაროვს ეცნო ეს ჟესტი, ტერაფორმირების პროცესის მომზადების პერიოდში მოასწრო შეესწავლა ადგილობრივი ტრადიციები.
– უხ, შენი – ლეიტენანტი პლაზმური ჰაუბიცის გამშვებ ღილაკს დასწვდა – შესანიშნავ ხასიათზე იყო. სულ მალე ეს ჯიუტი ტარაკანი შემწვარ ტარაკნად გადაიქცეოდა.
– წამში დაგიბრუნდები, ძვირფასო, როგორც დაგპირდი – დოქტორმა ვენსმა ბოლო საკეტიც შეიხსნა და შხამიანი ჰაერი შლემში მთელი ძალით შეიჭრა.
– შეჩერდიიი! – იღრიალა ლეიტენანტ ზახაროვის ზურგს უკან გენერალმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გავარვარებული პლაზმის ნაკადმა აბორიგენის გვერდით ქვებს დაარტყა. ჟანგბადით ჭარბად სავსე ატმოსფერო ჯაჭვური რეაქციისგან შეზანზარდა და აალდა. უზარმაზარი ბირთვული აფეთქევის მსგავსი სოკო ცას შესწვდა და ყველა მიმართულებით მყისიერად გაფართოება დაიწყო.
– იდიოტო! კარცერში ამოგალპობ! შენ… – გენერალმა მეტი ვერაფრის თქმა მოასწრო, აფეთქების ტალღა და ცეცხლოვანი სმერჩი გამანადგურებელს წამში მისწვდნენ და საშინელი სისწრაფით დააბზრიალეს. კიდევ ერთ წამში კი ჯავშანმა გავარვარებულ მასას ვეღარ გაუძლო, პაწაწინა ვარსკვლავად აფეთქდა და ცეცხლის ოკეანეს შეერწყა. ცეცხლოვანი ცუნამი პლანეტას გარს შემოერტყა, ერთ საათის შემდეგ ატმოსფეროში ჟანგბადის უკანასკნელი ნარჩენების მარაგი სრულად ამოიწურა და ცეცხლი ჩაქრა.
გოგო ლამაზი იყო და ამ უშნო ქუჩაზე მისი სილამაზე უცნაურად მოჩანდა, რაკი აქ, ქალაქის ამ განაპირა უბანში სილამაზეს თითქოს რა ესაქმებოდა.
ბიჭს გოგო მოსწონდა.
მოდიოდნენ და საუბრობდნენ ყველაფერზე და არაფერზე. ქუჩა კი გრძელი იყო.
უეცრად გოგო შეჩერდა. მზერა ერთ წერტილს მიაპყრო. თვალები გაუფართოვდა. ქუჩის პირას, ელექტროგანათების ბოძზე შემოხვეულ მავთულში ვიღაცას ვარდების თაიგული ჩაერჭო.
გოგოს ყვავილები უყვარდა. იმდენად უყვარდა, რომ ხშირად საკუთარ თავსაც ჩუქნიდა ხოლმე.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა. მისთვის ამ მომენტში ისიც საკმარისი იყო, რომ იმ გოგოს გვერდით მიაბიჯებდა, რომელიც მოსწონდა.
გოგომ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და თაიგულს ფოტოების გადაღება დაუწყო.
გოგოს ენთუზიაზმი მასაც გადაედო – მართლაც საიდან გაჩნდა აქ ეს ვარდები?
გოგოს აზრი მოეწონა. ბიჭისკენ უფრო ახლოს მიიწია.
– კი, და რადგან ვარდებია, ქალს უყიდა, შეყვარებულს.
– შეიძლება არც არის შეყვარებული, უბრალოდ კაცს მოსწონს და ქალმა ჯერ არ იცის.
– ჰო, ეგეც შეიძლება – გაეცინა გოგოს – მერე რა მოხდა?
####################################################################
კაცმა მანქანა ვიწრო ჩიხში შეაყენა. ისე გააჩერა, რომ ნაკლებად გამოჩენილიყო, თავად კი ციხის კარი ეკონტროლებინა.
მალე რკინის კარი უსიამოვნო ჭრიალით გაიღო. ქალმა გაუბედავი ნაბიჯი გადმოდგა. ხელში ძველი, გაცრეცილი ჩემოდანი ეკავა. ეს ჩემოდანი იტევდა მთელ მის ქონებას და ეგებ მოგონებებსაც. მიმოიხედა. ალბათ, ვერც გააცნობიერა, რომელ მხარეს უნდა წასულიყო. ქუჩა უკაცრიელი იყო. ადამიანები ზაფხულის აუტანელ სიცხეს ემალებოდნენ.
კაცი მანქანაში იჯდა და ქალს უყურებდა. ციხის კარი რომ გაიღო, მექანიკურად მანქანიდან გადმოსვლა დააპირა, მაგრამ რაღაც ძალამ შეაჩერა. ახლა იჯდა და ქალს საქარე მინიდან უყურებდა. როგორ დაბერებულა ამ 6 წელიწადში, ნაოჭები გასჩენია. კაცს ქალისადმი სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა, ოღონდ აღმოაჩინა, რომ ამ სიბრალულის მიღმა აღარაფერი იყო, აღარც მონატრება, აღარც ჩახუტების სურვილი. აღარაფერი.
კაცი მანქანიდან აღარ გადმოსულა. დაელოდა, როდის წავიდოდა ქალი. მერე მანქანა დაქოქა. უცებ რაღაც გაახსენდა. ძრავი გამორთო. უკანა სავრძელზე დადებულ ვარდების თაიგულს გადასწვდა, მანქანიდან გადმოვიდა და იქვე, ციხის კედელთან ელექტროგანათების ბოძზე შემოხვეულ მავთულში ჩაარჭო.
]]>იქაური მუღამი კი იყო არაფრით გამორჩეული სამზარეულო, სულ მოყანყალებული, ხმელი სკამები და გემრიელი შინაურულობა. აი, მეპატრონეს რომ თავაზიანად ესალმები და საქმეს უქებ, ლუდის ჩამომსხმელთან კარგა ხანია რომ ძმაკაცობ და მიმტანი გოგოები ხომ საერთოდ გულის მესაიდუმლოვეებად გაგიხდია.
სხვათა შორის, სწორედ ჩარგლის მიმტანი გოგოსგან გავიგე, რომ ნაბიჭვარ კლიენტს მიმტანმა შეიძლება ფურთხიანი ყავა მიართვას საგანგებო ღიმილით და ასე იძიოს შური, მიმტანებისთვის ზევიდან ყურების გამო. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი გაშინაურებულები უნდა ვყოფილიყავით ჩარგლის გოგოებთან, ჩვენ, კლიენტებს ასეთ საიდუმლოებებს რომ გვიყვებოდნენ.
მოკლედ, ჩარგალი იყო, რა…
თავისი ნისიების დავთარიც ხომ ჰქონდათ და ყველაზე მეტი ვალები ჩვენზე ეწერათ.
იმ საღამოსაც დიდებული დრო გავატარეთ თავისი ლუდებით და არყებით და სულ ცოტა მარილიანი ჩხირებით. აბა, ბევრი ჩხირისთვის და, ხინკლისთვის ხომ მით უმეტეს, ფულს ვინ გაიმეტებდა?! საკითხი ასე იდგა: ბევრი სასმელი უსაჭმელოდ თუ ზომიერად სასმელი საჭმელთან ერთად?
კარგით რა, სად ჩვენ და სად ზომიერება…
ჰოდა, კარგად მოვილხინე ბევრი სასმელით და მერე, ჩარგალს გარეთ, ცოტა იმითაც, რაზეც ლაპარაკი სახალხოდ უხერხულია და თანაც რომელი რიუ მურაკამი მე ვარ, რომ ეგეთი ამბები დაწვრილებით მოვყვე. მერე ისევ უკან მივბრუნდი.
სულ ბოლოს, კი გვარანად შებინდებულზე კი არადა, გადაღამებულზე, ცხონებულმა აიჩემა, ერთ ადგილას წამიყვანეო.
მეც წავიყვანე. რა მენაღვლებოდა?!
…
ასე, 40 წუთი ველოდე მანქანაში. ისედაც გაჟღენთილს ლუდის ქილა მეკავა და სიგარეტს ხომ ღრმა ნაფაზებით ვაბოლებდი და ვაბოლებდი მიყოლებით. ბებიაჩემს აქვს მოყოლილი, ბაბუაჩემი ასანთს არ ხმარობდაო, ერთ ღერს რომ ჩაიყვანდა ბოლომდე, იმითვე გადაუკიდებდა მეორესო. ახლა ვფიქრობ, ნეტავ რას ეწეოდა ბებიაჩემის ბაბუა, პაპიროსებს თუ გასახვევს? ეგ აღარ ვიცი…
ჰოდა, ვიჯექი მანქანაში, ლუდს ვწრუპავდი ქილიდან და სიგარეტს ვაყოლებდი. თან მუსიკასაც ვუსმენდი და ახლა იმას კი ვეღარ ვიხსენებ, მაშინ რა მომწონდა. კაცმა რომ თქვას, არც მინდა, რომ მახსოვდეს, რაკი, გული მიგრძნობს, საკუთარ თავზე უნდა გავიფქრო, აბა, მაგ სისულელეს რა გასმენინებდა თქო.
მერე კიდევ ცხონებული გამოვიდა და კმაყოფილი სახით ჩამიჯდა მანქანაში. სანამ სახლამდე მივიყვანე, ხომ სულ წვრილად მომიყვა მთელი 40 წუთის საარაკო ამბები.
სახლში დავტოვე. ახლა რომ გამოვთვალე, იმ ღამიდან 677 დღის მერე მოკვდა საცოდავი.
…
დავტოვე და წამოვედი. ქავთარაძეზე ჩამოვუხვიე. ვაკე-საბურთალოზე გამოვედი. ვაკის პარკთან დაღმართზე ჩავუხვიე და ფალიაშვილზე შევუხვიე. რაღა მრჩებოდა სახლამდე? ბევრიც აღარაფერი და სწორედ მაშინ შემომიჩნდა ის უხსენებელი – „დავაიო“.
ჰოდა, მივაჭირე. ბოლომდე. ჩამოშვებული ფანჯრიდან ჰაერმა უფრო სწრაფად დამიწყო სახეში ცემა. მესიამოვნა. რაღა დარჩა სახლამდე? ორი გზაჯვარედინიც და ეზოში შევაყენებ.
მერე კიდევ ის მოხდა, ტარანტინოს ფილმში რომ არის, ათჯერ რომ უნდა აანთოს ტიპმა სანთებელა და პირველივე ჩამოკვრაზე რომ გაიჭედება.
პირველივე გზაჯვარედინზე, ლევანას სახლთან, გზა ტაქსმა გადამიჭრა. მუხრუჭი არც კი მიხმარია, ისე ვგლიჯე.
მერე ხშირად ვიხსენებდი წამის იმ მეათედს – გააზრებიდან დარტყმამდე. საზიზღარი გრძნობაა და თან ისეთი, წამის მეათედი წუთად რომ გეჩვენება და შენელებულად ხედავ ყველაფერს.
გადმოვედი. არაფერი დამმართნია. აბსოლუტურად არაფერი. ტაქსისტიც მარტო იყო. ისიც უვნებლად გადმოვდა, მაგრამ მანქანები… ელიავაზე დაშლილ ნაწილებში ჩაბარების გარდა არც ერთს აღარაფერი უშველიდა.
ტიპმა ეგრევე ისქესა, მთვრალი რომ ვიყავი. რაციას დაწვდა და შოფრებს გააგებინა, ასეთი ამბავი მოხდა და დროზე მოდითო. პატრულსაც გააგებინეთო.
მოვარდნენ ტაქსისტები. გამოძახება რომ მჭირდება, ეგრე უცბათ არ მოდიან.
სცენა: ღამე. ასე, 3 საათი. გზაჯვარედინი. ორი დალეწილი მანქანა. ათიოდე ტაქსისტი. ცალკე მდგომ ტიპს, ნერვიულად რომ არტყამს ნაფაზებს, ამრეზით უყურებენ. ყაყანებენ.
აი, პატრულმაც ჩამოუხვია. ტაქსისტები კიდევ უფრო გამოცოცხლდნენ.
ცალკე მდგარ ტიპს კი უკვე აღარაფერი ადარდებს მარტოობის გარდა. აღარც დალეწილი მანქანა, აღარც ოჯახის რეაქცია, აღარც ზარალი. მხოლოდ მარტოობა! ამ წამს, როდესაც თითქოს მთელი სამყარი მის წინააღმდეგაა, რა მოხდება, ერთი ადამიანი მაინც რომ დაუდგეს გვერდით. ერთი, მხოლოდ ერთი…
და ამ დროს ხდება რაღაც, რასაც რაციონალური ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს.
ღამის სამ სააათზე, უკვე ოთხიც რომ დაწყებულა, შუა ქუჩაში, საიდანღაც, თითქოს ნისლიდან გამოვიდაო, გვარიანად შეზარხოშებული გია ნიკოლაძე აღიმართა თავისი დარდიმანდული იერით.
კიდევ წამი და საიდანღაც ოთო მხეიძემ ჩამოუხვია.
რა უნდოდათ, რას დაბოდიალობდნენ…
ტაქსისტები ცოტათი ჩაჩუმდნენ, ალბათ ნიკოლაძე იცნეს.
მერე, ტაქსისტები და პატრული რომ წავიდნენ და მე, ნიკოლაძე და მხეიძე დალეწილ მანქანას ჩემი ეზოსკენ მივაგორებდით, ვფიქრობდი: მაინც რას ნიშნავდა, ღამის სამ საათზე, ყველაზე მეტად რომ მიჭირდა და ნაცნობის დანახვა ვინატრე, ეს ორნი საიდანღაც რომ გაჩნდნენ. სხვა დროს ხომ შანსი არ იყო, ჩამოევლოთ?! ვინ გამომიგზავნა? იმან?
ის არსებობს?
]]>უეცრად უკნიდან შემოესმათ:
– ქართველები ხართ?
მიიხედეს. ასაკშეპარულ კაცი იყო, მარცხენა ხელის მტევანზე გახუნებული, საბჭოეთის დროინდელი სვირინგი ჰქონდა. მეორე ხელში გასტრონომის კალათა ეკავა, რომელშიც პური, მომცრო ქილით პამიდვრის წნილი და ბოთლი არაყი ელაგა. უცნობი იღიმებოდა. კილო კი ქართლური ჰქონდა.
გორელი აღმოჩნდა – ლიეტუვაში 23 წლის წინ გადმოკარგული და სამუდამოდ იქაურ მიწას მიჯაჭვული. 15 წელი არ ვყოფილვარ საქართველოშიო. ტაქსიზე მუშაობდა. ჩრდილოეთელ ქალს ვერშეგუებულს ოჯახი დიდი ხნის მიტოვებული ჰყავდა და საღამოობით, მანქანას რომ დააბინავებდა, გასტრონომში ნაყიდი ბოთლი არყით იქარვებდა დარდს. დარდი კი ბევრი რამისა ჰქონდა.
გორის ამბები იკითხა. ამათ კი, ჩასულებს, გორისა, აბა, რა უნდა ეთქვათ.
– გორის ციხე ისევ იქა დგას, სტალინის ძეგლი კი აიღესო – უპასუხეს.
დარდიანი კაცი, გორელი კი გახლდათ, მაგრამ სტალინის ტრფიალი არ გამოდგა. მაგას საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიაო.
ამათმა კიდევ, ჩასულებმა, თავები დაუქნიეს, კი, ეგრეაო.
ამით დაემშვიდობნენ. არც ლაპარაკის ხასიათზე იყვნენ და 8 დიდი ბოთლიც ამძიმებდათ.
სასტუმროში დაბრუნდნენ. აღარც იმაზე უფიქრიათ, ჩრდილოეთში გადახვეწილი, სამუდამო მარტოობისთვის განწირული საბჭოურსვირინგიანი გორელი ტაქსისტი იმ საღამოს, იმ ერთი ბოთლი არაყის დალევისას სამშობლოში გატარებულ ჯეელობაზე იფიქრებდა თუ არა.
]]>ლენა კახას ცოლია. კახა შორეული ნაოსნობის კაპიტანია. ეს თანამდებობა ხომ ისედაც ძალიან სოლიდურად ჟღერს და აქ, ზღვისპირა ქალაქში – მით უმეტეს.
კახას ხელფასიც ისეთივე სოლიდური აქვს, როგორც მისი თანამდებობა ჟღერს და ამიტომაც, როცა ბიჭები სადმე “ზავედენიე ში“ სხედან, ფულს ვინ იხდის, იოლად წყდება ხოლმე.
ლენას შემოთავაზებულ ყავაზე უარს ვამბობ. მერეც მოვასწრებ დალევას. თანაც არა ერთხელ. აქ, ბათუმში, ყავის სმა, კოფეს რომ ეძახიან, ყოველდღიური რიტუალის ნაწილია. თუმცა რას გიყვებით, არაფერი მძულს იმაზე მეტად, ვიდრე ჭკვანური სახით ისეთი ამბების მოყოლა, რაც ისედაც ყველამ იცის.
ყავა მოიცდის, კახასთან ერთად „ბერეგზე“ გავდივარ. ბიჭებიც გამოვლენო, მითხრა კახამ – „ბერეგზე“ ჟუჟუნასთან.
იდეა მომეწონა. ბავშვობიდან მიყვარს ასეთი ადგილები და თან გვარიანად მოშიებულიც ვარ.
ჟუჟუნას კაფე იაფფასიანი სასადილო იყო კომუნისტების დროსაც და მას მერე აქ არც არაფერი შეცვლილა. ბათუმი იცვლება. ყველა მთავრობა ქვეყნის აღმშენებლობას ამ ქალაქის გადაკეთებით იწყებს და ასრულებს. აშენებენ ფანტასმაგორიული იერის მქონე ვეებერთელა შენობებს და საზკვების ობიექტებს cool სახელებით, სადაც ათმაგ ფასში შეგიძლიათ შეუკვეთოთ რაღაც ძალიან უცნაური და სოლიდური ჟღერადობის კერძი, არადა, როცა მოგიტანენ, აღმოაჩენთ, რომ ამ მადისაღმძვრელი სახელის უკან უსაშველოდ ნაცნობი რაღაც იმალება. ერთხელ ერთმა უფროსი თაობის კაცმა მითხრა, სულ მაინტერსებდა ლატე რა იყო და როცა გავსინჯე რძიანი ყავა აღმოჩნდა, ბავშვობაში გურიაში ბებიაჩემი რომ მასმევდაო.
მაგრამ, აბა, როგორ გინდათ – ადგილს და სახელს თავისი ფასნამატი აქვს. წესია ასეთი და არა მხოლოდ აქ, ქართულ ზღვისპირა ქალაქში. როგორ იყო? კვანტოს პრაღაში, ზედ ვაცლავის მოედანზე 10 კრონიანი ლუდი 10 ევროდ რომ დავალევინე?
ჟუჟუნას კაფე კი ჟუჟუნას კაფე იყო კომუნისტების დროსაც და ჟუჟუნას კაფეა ახლაც, 21-ე საუკუნის ათიანი წლების მიწურულსაც. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში ალბათ, რაღაც უფრო სოლიდური სახელი ჰქვია, მაგრამ ეგ ვის აინტერესებს. ძველი სახელი და ნოსტალგია რომ არა, ვის შემოიტყუებდი ამ სასადილოში? მესმის, ორმოცდაათს მიტანილ ბავშვობის მეგობრებს რატომაც უყვართ აქ დასხდომა.
ოთხნი ვართ. მე, კახა, კოშკა და მამიდი. კოშკას სინამდვილეში ალეკო ჰქვია, მამიდის სახელი კი არ ვიცი. აი, ბავშვობიდან ვიცნობ, სახელი კი არ ვიცი. ადრე, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვკითხულობდი, მეუბნებოდნენ, მაგრამ მალევე მავიწყდებოდა ხოლმე. ამიტომ უკვე დიდი ხანია კითხვასაც შევეშვი. ყველა ისედაც მამიდის ეძახის.
ერთმანეთი გულიანად მოვიკითხეთ – რა ხდება თბილისში? – მეკითხებიან ბიჭები. რა ვიცი, არაფერი, აქეთ რა ხდება – ვუბრუნებ კითხვას – აქაც ეგრე, რა.
რამდენჯერ მოგისმენიათ ასეთი დიალოგი?
ჟუჟუნას კაფე ღია ცის ქვეშაა. მაგიდები უზარმაზარი ქოლგების ქვეშ არის მოქცეული. მაგიდები პლასტმასიაა. სკამები – ძველი, ხის, თუმცა რატომღაც მორყეული არაა. იმ მაგიდასთან ვსხდებით, ზღვისკენ ყველაზე ახლოს რომ დგას. კი ვთქვი, აქ კომუნისტების მერე არაფერი შეცვლილა მეთქი, მაგრამ არის რაღაც ცვლილებები – ოფიციანტი ქალები, რომლებიც 30 წლით დაბერდნენ. სევდიანი საყურებელია, სამოცს მიტანებული ქალები 30 წლის წინანდელი ხუმრობებით. მაგრამ ისიც არის, რომ ეს აქ არავის აღიაზიანებ. ეს ორი ქალი, შეღებილი თმით, მკვეთრი წითელი პომადით და ძველმოდური ვარცხნილობებით, დიდი ხანია იქცნენ ამ კაფეს ინტერიერის ნაწილად. ალბათ, თავადაც ვერ მიხვდნენ როდის.
კახა შეკვეთას აძლევს. მწვადი, შემწვარი კარტოფილი და კიტრის და პომიდვრის სალათა. სასმელიდან არაყი და ლიმონათი. სანამ შეკვეთას მოამზადებენ, ჩემთვის ჩაცივებულ ადგილობრივ ლუდს ვითხოვ და ზღვის ნაპირისკენ ვიყურები.
ზღვის პირას, ჩემგან ზურგით, გოგო და ბიჭი სხედან. უკვე საკმაოდ ჩამობნელებულია და მხოლოდ სილუეტებს ვარჩევ. გოგოს თავი ბიჭის კალთაში უდევს. ბიჭი თავზე ეფერება. ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი ბედნიერები არიან ერთად. როგორ ვერ ამჩნევენ ვერაფერს გარშემო. ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად მშურს მათი. სილუეტების მიხედვით გოგოს და ბიჭის ასაკს ვერ ვსაზღვრავ. მაგრამ რამდენის შეიძლება იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ასე რომანტიულად სხედან ზღვის პირას, უსმენენ ტალღებს და ასე უხმოდ ეფერებიან ერთმანეთს?
არა, ნამდვილად მშურს. რატომ არ ვარ 25 წლით უმცროსი – ვფიქრობ ჩემთვის, თუმცა როცა 25 წლით უმცროსი ვიყავი, რა, ვმჯდარვარ ასე ზღვის პირას გოგოსთან ერთად? არა. ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს მაშინ ასაკს?
აბა, За встречу, შენ ჩამოსვლას გაუმარჯოს – წევს ჭიქას კოშკა და ფიქრებიდან მარკვევს.
ვსვამთ. ამბებს ვყვებით. უფრო სწორად, ბიჭები ყვებიან, მე უფრო ვუსმენ და ხანდახან ერთი ორი რეპლიკით თუ წავეშველები. სალაპარაკო იმათ უფრო აქვთ. ლოგიკურიცაა – ისინი სისტემატიურად ნახულობენ ერთმანეთს. ცნობილი ფაქტია, რაც უფრო ხშირი კონტაქტი აქვთ ადამიანებს ერთმანეთთან, მეტი აქვთ სალაპარაკოც. რატომ ხდება ასე, ახლა ამის ახსნა მეზარება.
მამიდის ახალი ბიზნესი დაუწყია. სარდაფში სოკო მოჰყავს და უბნის მაღაზიებს აბარებს. მამიდი ამბობს, რომ ეს მომგებიანი ბიზნესია. ზუსტად ვიცი, რომ სარდაფში სოკოს მომყვანი არ ვარ, მაგრამ არც კი ვიცი რატომ, ამ ამბით გულწრფელად ვინტერესდები და დაწვრილებით ვაყოლინებ სოკოს მოყვანის ტექნოლოგიას.
მამიდის ბიზნესს ვუქებ და ისევ ნაპირისკენ ვიყურები. შეყვარებულები როგორც დავტოვე, ისევ ისე სხედან. გოგოს ბიჭის კალთაში უდევს თავი, ბიჭი კი თმებზე ეფერება. ახლა ახალი ინტერესი მიჩნდება. მინდა, რომ სანაპიროდან იქამდე ამოვიდნენ, ვიდრე აქ ვსხედვართ. მაინტერესებს, შუქზე დავინახო როგორი გოგოა. მინდა, რომ ძალიან ლამაზი იყოს.
ჩემს უკან მაგიდასთან კი დიდი ჟრიამულია. მე ზურგით ვზივარ, ამიტომ მხოლოდ ხმები მესმის. მიხედვა მეზარება, ან რას მაძლევს მათ ფიზიონომიების ყურება? ვიღაც ტიპი გულმოდგინედ უყვება დანარჩენებს, რომელიღაც ინდურ სერიალში გოგო როგორ გაყვა ცოლად გარდაცვლილი ქმრის ძმას. დანარჩენები ამ ისტორიის მოსმენისას სულ „მაგათი დედა მოვტყან“-ს იძახიან. მთხრობელი კი ამბობს, რომ ქართველებს ვერ გადაგვაშენებენ და ჩვენთან ეგეთები არასდროს მოხდება. ამის მერე ჭიქების მიჭახუნების ხმა მესმის.
ამასობაში ნაპირზე მსხდომი გოგო და ბიჭი დგებიან. გოგო მოკლე კაბას ისწორებს და იფერთხავს. ბიჭი წინ მოდის. ეხლა კაფეს შუქზე შევათალიერებ კიდეც. ბიჭი დაწინაურდა. გოგოს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს.
იმედგაცრუება.
შეყვარებული ბიჭი სინამდვილეში ორმოციოდე წლის ოდნავ ღიპდადებული, კაცია ხელზე მსხ ვილი ოქროს ბეჭდით. კაფეში მსხდომებს მედიდურად გადმოგვხედა და ავტოსადგომისკენ გაემართა. კაფეს შუქზე გოგოც გამოჩნდა. გამოხედვასა და ჩაცმულობაში შეუცდომლად რომ ამოიცნობთ მის პროფესიას.
მე კიდევ რა მეგონა…
შეყვარებულები, არა?
გოგოს თავი კალთაში…
კაცის ხელი გოგოს თმებში…
რომანტიკა…
ყავა, თუ შეუძლება – ვეუბნები ოფიციანტს.
]]>ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ფეისბუკში შევდივარ. კლავიატურა ლათინურ შრიფტზე გადამყავს. საძიებო ველში ვკრეფ: Natia balanchivadze.
კი, ეგ არის, პროფილის ფოტოთი ვხვდები. თვალში ბოლო პოსტი მხვდება. უფრო სწორად, ფოტო – სიცოცხლეს ასხივებს. ქვეშ უამრავი მოწონება და კომენატრი აქვს.
ფოტოების განყოფილებაში შევდივარ: Photos of Natia; Natias’s photos; Albums.
ატვირთულ ფოტოებს ვკლიკავ. ზამთარში გადაღებული ფოტოები მხვდება. ვსქროლავ – შემოდგომის ფოტოები. მერე ზაფხულის. ზაფხულის ფოტოები განსაკუთრებით მომწონს. საოცრად მიმზიდველად გამოიყურება. მიმზიდველად და ბედნიერად. ეს ფოტო სხვებზე მეტად მომწონს: ფანჯრის რაფაზე ზის, მოკლე ჯინსის კაბა და ადიდასის თეთრი ბოტასები აცვია. დიდი ზომის მაისური მხარზე აქვს გადმოვარდნილი. ფოტო პროფილშია გადაღებული. აშკარად დადგმული კადრია, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს.
ნათია ბალანჩივაძე – ვთქვი ხმამაღლა. ღამის სიჩუმეში ჩემი ხმა უცნაური ექოთი დამიბრუნდა უკან. შევკრთი. რაღაცნაირი გრძნობაა, ღამე სრულიად მარტო სასაფლაოზე რომ დგახარ. ნათია ბალანჩივაძის სააფლავს თვალი ერთხელაც მოვავლე და ჩქარი ნაბიჯით ტრასისკენ წავედი.
###########################################################
კახა საფლავის ქვაზე ზის თავდახრილი. თვალები მგონი, ცრემლიანი აქვს. ბნელა, მთვარის შუქი არ კმარა გასარჩევად. გიორგი თავისთვის ხმამაღლა ლაპარაკობს. უფრო სწორად, მკვდრებს ელაპარაკება. კობა და გოგია ჭიქებს უხმოდ უჭახუნებენ ერთმანეთს, პლასტმასის ერთჯერადმა ჭიქებმა აბა, რა ხმა უნდა გამოსცენ. სოლო იქვე საფეხურზეა ჩამომჯდარი. ჩუმადაა. სოლო საერთოდ ცოტას ლაპარაკობს და ყოველთვის დინჯად იქცევა.
ვატყობ, რომ წამომსვლელი ჯერ არავინაა. მთვარეს ფოტოს ვუღებ და ფეისბუკში ვდებ. „ღამე სასაფლაოზე“ – ვაწერ ზემოთ და რეაქციებს ველოდები. პირველი რეაქცია, რა თქმა უნდა, ცოლისგანაა. ეჭვიც არ მეპარებოდა: „სად დაეთრევი? შენ ნორმალური ხარ?!“
გვერდით საფლავზე აღმართულ ჯვარს დავეყრდენი. უსიამოვნო გრძობამ დამიარა. ჯვარი სამარესავით ცივია. ხელს ვუშვებ.
როგორ არის, იმასთან? „წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარა“
ჰო, მგონი ეგრეა…
თუ რამის მეშინია, სიცივეა. ასე მგონია, დრო რომ მოვა, მხოლოდ სამარის სიცივის შემეშინდება. მეტი არაფრის. იმედი მაქვს, მკვდრები ნამდვილად არაფერს გრძნობენ, ყოველ შემთხვევაში, სიცივეს მაინც.
ჰა, წავედით – მგონი სოლოც დაიღალა. შედარებით ფხიზლად ჩვენ ორნი ვართ. გიორგი კახას შეეხიდა. საფლავის ქვიდან წამოაყენა. მეღიმება. ცალცალკე ფეხზე ვერ დგანან, ერთმანეთი კიდევ საკაიფოდ მიჰყავთ. უკან კობა და გოგია მიყვებიან. მერე სოლო, ბოლოს მე. აღარ ვჩქარობ. ფრთხილად ჩავდივარ ქვევით, ტრასისკენ. ქართული სასაფალაოები რთული ლაბირინთივითაა. არანაირი დაგეგმარება, სადაც ადგილს იპოვიან, იქ ჭრიან საფლავს. კიბეებით ჩასვლა წარმოუდგენელია.
კახა და გიორგი უკვე ქვევით არიან. ლაბირინთში ძრომა არც მოსვლიათ აზრად, პირდაპირ საფლავებით გადაჭრეს და ტრასაზე დგანან.
ტრასაზე მანქანა ცოტაა. მაგრამ ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობენ. გიორგის ხმა მესმის: გააჩერე, შენი დედა მოვტყან!
აბა, ვინ გაუჩერებს ექვს აგრესიულ მთვრალს, სასაფლაოზე ღამის სამ თუ ოთხ საათზე?
უიმედო სიტუაციაა.
საფლავებს შორის ვბოდიალობ. გიორგის ხმა სულ უფრო შორიდან მესმის. საფლავის ქვებზე ამოტვიფრულ თარიღებს ვკითხულობ. ტვინში კალკულატორი ირთვება: მკვდრების ასაკს ვითვლი.
უცბათ საფლავებს შორის ბილიკი მთავრდება. წინ ბოლო საფლავია. დიდი და მოვლილი. შავი მარმარილოთი მოპირკეთებული. უეცრად გავშეშდი. საფლავის ქვიდან მთვარის შუქით განათებული ძალიან ლამაზი გოგოს თვალები მიყურებენ.
პირველმა ელდამ რომ გადამიარა, ვკითხულობ: ნათია ბალანჩივაძე. 1981 – 2017.
ნათია ბალანჩივაძე – ვამბობ ხმამაღლა.
############################################################
მიყვარს სასაფლაოები, სიმშვიდეა და არავინ განერვიულებს. მაქსიმუმ ჭირისუფლები. მაგრამ ამ დროს აქ ჭირისუფალს რა უნდა.
ღვინოს ერთჯერად ჭიქებში ვასხამთ. გოგია არაყს სვამს. იქამდეც არაყს სვამდა და დანარჩენები ვერ აგვიყოლია.
ვცდილობ წარმოვიდგინო კუბო, რომელიც 10 წლის წინ ჩვენვე ჩავუშვით აქ, ამ ადგილას, ორი მეტრის სიღრმეზე. არაფერი გამომდის.
ის ამბავი მახსენდება, ვირჯინიაში ედგარ პოს მუზეუმში კედელზე მიყუდებული კუბო რომ ვნახე. იმიტომაც იყო მიყუდებული, რომ ხალხი შიგნით ჩამდგარიყო. არ მიყოყმანია, ისე ჩავდექი იმ აყუდებულ კუბოში.
რა გრძნობა იყო? – არაფერი. აი, საერთოდ არაფერი, ნუ, სივიწროვეს თუ არ ვიგულისხმებთ. მაგრამ სივიწროვეზე ხო არ მეკითხებოდნენ?
ვსვამთ. ამბებს ვიხსენებთ, ისევ ვსვამთ. ისევ ამბებს ვიხსენებთ.
############################################################
გოგო დაღლილია, თავაზიანობის გამოც კი აღარ იღიმება. სახეზე აწერია, რომ ერთი სული აქვს, როდის წავალთ. უფრო სწორად, როდის წავეთრევით. უკვე ძალიან გვიანია.
გოგია ჭკვიანია, აბა, სადაც მივდივართ, იქ შქმერულის ჭამას ხომ არ დავიწყებთ?!
დღეს კობას დაბადების დღეა. ბიჭები, მგონი, ყველა აქ ვართ, ან თითქმის ყველა. გადაწყდა: ვინც გვაკლია, იქით მივაკითხოთ. არ მახსოვს ვინ თქვა პირველმა, ბაჩოს გავაკითხოთო, მაგრამ იდეა ყველამ უცბათ ავიტაცეთ.
ავიშალეთ.
ვაჩერებთ. შოფრებს არ უკვირთ, მისამართს რომ ვეუბნებით. ფეხებზე ჰკიდიათ, თან ჰგონიათ, მეტსაც აგვახევენ. არადა, რისი მეტის მიმცემები ვართ.
ტაქსებიდან გადმოვდივართ. გზას სიბნელეშიც იოლად ვაგნებთ. ვჩერდებით.
მოგაკითხეთ, ბიჭო! – ამბობს გიორგი და საფლავის ქვას დასცქერის.
]]>