დიდებული საღამო იყო. 2008 წლის 2 ივლისის საღამო. ცხადია, დიდებულებაში ამინდს არ ვგულისხმობ, თუმცა ისე, ამინდსაც არა უშავდა. ჩარგალში ვისხედით და ვინც ჩარგალში არ მჯდარა, როგორ გაიგებს, იქ ჯდომის ლაზათს?
იქაური მუღამი კი იყო არაფრით გამორჩეული სამზარეულო, სულ მოყანყალებული, ხმელი სკამები და გემრიელი შინაურულობა. აი, მეპატრონეს რომ თავაზიანად ესალმები და საქმეს უქებ, ლუდის ჩამომსხმელთან კარგა ხანია რომ ძმაკაცობ და მიმტანი გოგოები ხომ საერთოდ გულის მესაიდუმლოვეებად გაგიხდია.
სხვათა შორის, სწორედ ჩარგლის მიმტანი გოგოსგან გავიგე, რომ ნაბიჭვარ კლიენტს მიმტანმა შეიძლება ფურთხიანი ყავა მიართვას საგანგებო ღიმილით და ასე იძიოს შური, მიმტანებისთვის ზევიდან ყურების გამო. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი გაშინაურებულები უნდა ვყოფილიყავით ჩარგლის გოგოებთან, ჩვენ, კლიენტებს ასეთ საიდუმლოებებს რომ გვიყვებოდნენ.
მოკლედ, ჩარგალი იყო, რა…
თავისი ნისიების დავთარიც ხომ ჰქონდათ და ყველაზე მეტი ვალები ჩვენზე ეწერათ.
იმ საღამოსაც დიდებული დრო გავატარეთ თავისი ლუდებით და არყებით და სულ ცოტა მარილიანი ჩხირებით. აბა, ბევრი ჩხირისთვის და, ხინკლისთვის ხომ მით უმეტეს, ფულს ვინ გაიმეტებდა?! საკითხი ასე იდგა: ბევრი სასმელი უსაჭმელოდ თუ ზომიერად სასმელი საჭმელთან ერთად?
კარგით რა, სად ჩვენ და სად ზომიერება…
ჰოდა, კარგად მოვილხინე ბევრი სასმელით და მერე, ჩარგალს გარეთ, ცოტა იმითაც, რაზეც ლაპარაკი სახალხოდ უხერხულია და თანაც რომელი რიუ მურაკამი მე ვარ, რომ ეგეთი ამბები დაწვრილებით მოვყვე. მერე ისევ უკან მივბრუნდი.
სულ ბოლოს, კი გვარანად შებინდებულზე კი არადა, გადაღამებულზე, ცხონებულმა აიჩემა, ერთ ადგილას წამიყვანეო.
მეც წავიყვანე. რა მენაღვლებოდა?!
…
ასე, 40 წუთი ველოდე მანქანაში. ისედაც გაჟღენთილს ლუდის ქილა მეკავა და სიგარეტს ხომ ღრმა ნაფაზებით ვაბოლებდი და ვაბოლებდი მიყოლებით. ბებიაჩემს აქვს მოყოლილი, ბაბუაჩემი ასანთს არ ხმარობდაო, ერთ ღერს რომ ჩაიყვანდა ბოლომდე, იმითვე გადაუკიდებდა მეორესო. ახლა ვფიქრობ, ნეტავ რას ეწეოდა ბებიაჩემის ბაბუა, პაპიროსებს თუ გასახვევს? ეგ აღარ ვიცი…
ჰოდა, ვიჯექი მანქანაში, ლუდს ვწრუპავდი ქილიდან და სიგარეტს ვაყოლებდი. თან მუსიკასაც ვუსმენდი და ახლა იმას კი ვეღარ ვიხსენებ, მაშინ რა მომწონდა. კაცმა რომ თქვას, არც მინდა, რომ მახსოვდეს, რაკი, გული მიგრძნობს, საკუთარ თავზე უნდა გავიფქრო, აბა, მაგ სისულელეს რა გასმენინებდა თქო.
მერე კიდევ ცხონებული გამოვიდა და კმაყოფილი სახით ჩამიჯდა მანქანაში. სანამ სახლამდე მივიყვანე, ხომ სულ წვრილად მომიყვა მთელი 40 წუთის საარაკო ამბები.
სახლში დავტოვე. ახლა რომ გამოვთვალე, იმ ღამიდან 677 დღის მერე მოკვდა საცოდავი.
…
დავტოვე და წამოვედი. ქავთარაძეზე ჩამოვუხვიე. ვაკე-საბურთალოზე გამოვედი. ვაკის პარკთან დაღმართზე ჩავუხვიე და ფალიაშვილზე შევუხვიე. რაღა მრჩებოდა სახლამდე? ბევრიც აღარაფერი და სწორედ მაშინ შემომიჩნდა ის უხსენებელი – „დავაიო“.
ჰოდა, მივაჭირე. ბოლომდე. ჩამოშვებული ფანჯრიდან ჰაერმა უფრო სწრაფად დამიწყო სახეში ცემა. მესიამოვნა. რაღა დარჩა სახლამდე? ორი გზაჯვარედინიც და ეზოში შევაყენებ.
მერე კიდევ ის მოხდა, ტარანტინოს ფილმში რომ არის, ათჯერ რომ უნდა აანთოს ტიპმა სანთებელა და პირველივე ჩამოკვრაზე რომ გაიჭედება.
პირველივე გზაჯვარედინზე, ლევანას სახლთან, გზა ტაქსმა გადამიჭრა. მუხრუჭი არც კი მიხმარია, ისე ვგლიჯე.
მერე ხშირად ვიხსენებდი წამის იმ მეათედს – გააზრებიდან დარტყმამდე. საზიზღარი გრძნობაა და თან ისეთი, წამის მეათედი წუთად რომ გეჩვენება და შენელებულად ხედავ ყველაფერს.
გადმოვედი. არაფერი დამმართნია. აბსოლუტურად არაფერი. ტაქსისტიც მარტო იყო. ისიც უვნებლად გადმოვდა, მაგრამ მანქანები… ელიავაზე დაშლილ ნაწილებში ჩაბარების გარდა არც ერთს აღარაფერი უშველიდა.
ტიპმა ეგრევე ისქესა, მთვრალი რომ ვიყავი. რაციას დაწვდა და შოფრებს გააგებინა, ასეთი ამბავი მოხდა და დროზე მოდითო. პატრულსაც გააგებინეთო.
მოვარდნენ ტაქსისტები. გამოძახება რომ მჭირდება, ეგრე უცბათ არ მოდიან.
სცენა: ღამე. ასე, 3 საათი. გზაჯვარედინი. ორი დალეწილი მანქანა. ათიოდე ტაქსისტი. ცალკე მდგომ ტიპს, ნერვიულად რომ არტყამს ნაფაზებს, ამრეზით უყურებენ. ყაყანებენ.
- აი, ეხლა პატრული მოვა და აქტს შეადგენს, რაღა!
- ლიშბი, მანქანებს ხელი არ ახლო! როგორც დგას ეგრევე უნდა დატოვო, გადაყენება არ შეიძლება! – სულ ასეთ სტანდარტულ ფრაზებს იძახიან ჭკვიანური სახეებით და ეშხშიც შედიან. წინასწარ იღებენ სიამოვნებას, პატრული რომ მოვა და ცალკე მდგომ ტიპს რომ ჩააბერინებენ და აპარატი კიდევ გაწითლდება – აი, იმ სცენით.
აი, პატრულმაც ჩამოუხვია. ტაქსისტები კიდევ უფრო გამოცოცხლდნენ.
ცალკე მდგარ ტიპს კი უკვე აღარაფერი ადარდებს მარტოობის გარდა. აღარც დალეწილი მანქანა, აღარც ოჯახის რეაქცია, აღარც ზარალი. მხოლოდ მარტოობა! ამ წამს, როდესაც თითქოს მთელი სამყარი მის წინააღმდეგაა, რა მოხდება, ერთი ადამიანი მაინც რომ დაუდგეს გვერდით. ერთი, მხოლოდ ერთი…
- ღმერთო, რა იქნება ვინმე ჩემიანმა რომ გამოიაროს…
და ამ დროს ხდება რაღაც, რასაც რაციონალური ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს.
ღამის სამ სააათზე, უკვე ოთხიც რომ დაწყებულა, შუა ქუჩაში, საიდანღაც, თითქოს ნისლიდან გამოვიდაო, გვარიანად შეზარხოშებული გია ნიკოლაძე აღიმართა თავისი დარდიმანდული იერით.
კიდევ წამი და საიდანღაც ოთო მხეიძემ ჩამოუხვია.
რა უნდოდათ, რას დაბოდიალობდნენ…
ტაქსისტები ცოტათი ჩაჩუმდნენ, ალბათ ნიკოლაძე იცნეს.
მერე, ტაქსისტები და პატრული რომ წავიდნენ და მე, ნიკოლაძე და მხეიძე დალეწილ მანქანას ჩემი ეზოსკენ მივაგორებდით, ვფიქრობდი: მაინც რას ნიშნავდა, ღამის სამ საათზე, ყველაზე მეტად რომ მიჭირდა და ნაცნობის დანახვა ვინატრე, ეს ორნი საიდანღაც რომ გაჩნდნენ. სხვა დროს ხომ შანსი არ იყო, ჩამოევლოთ?! ვინ გამომიგზავნა? იმან?
ის არსებობს?