- შეჩემა, ეგ არ გინდა, დიდი ბოთლები ავიღოთ... უეცრად უკნიდან შემოესმათ: - ქართველები ხართ? მიიხედეს. ასაკშეპარულ კაცი იყო, მარცხენა ხელის მტევანზე გახუნებული, საბჭოეთის დროინდელი სვირინგი ჰქონდა. მეორე ხელში გასტრონომის კალათა ეკავა, რომელშიც პური, მომცრო ქილით პამიდვრის წნილი და ბოთლი არაყი ელაგა. უცნობი იღიმებოდა. კილო კი ქართლური ჰქონდა. გორელი აღმოჩნდა - ლიეტუვაში 23 წლის წინ გადმოკარგული და სამუდამოდ იქაურ მიწას მიჯაჭვული. 15 წელი არ ვყოფილვარ საქართველოშიო. ტაქსიზე მუშაობდა. ჩრდილოეთელ ქალს ვერშეგუებულს ოჯახი დიდი ხნის მიტოვებული ჰყავდა და საღამოობით, მანქანას რომ დააბინავებდა, გასტრონომში ნაყიდი ბოთლი არყით იქარვებდა დარდს. დარდი კი ბევრი რამისა ჰქონდა. გორის ამბები იკითხა. ამათ კი, ჩასულებს, გორისა, აბა, რა უნდა ეთქვათ. - გორის ციხე ისევ იქა დგას, სტალინის ძეგლი კი აიღესო - უპასუხეს. დარდიანი კაცი, გორელი კი გახლდათ, მაგრამ სტალინის ტრფიალი არ გამოდგა. მაგას საქართველოსთვის არაფერი