
ედგარ ალან პო
ძველი, უსიერი, თითქოს მისტიური ვუალით შემოსილი ტყის პირას, რომელსაც თავზე შავი ღრუბლები ავისმომასწავლებლად დასტრიალებდნენ და თითქოს საიდანღან მოისმოდა ფატალური ხმები, მისტიურ შიშში ცხოვრობდა წითელქუდა.
ერნესტ ჰემინგუეი
დედა შემოვიდა და მაგიდაზე ჩანთა დადო. ჩანთაში ბოთლით რძე, თეთრი პური და კვერცხები იდო.
− აი, თქვა დედამ.
− რა? – ჰკითხა წითელქუდამ.
− აი, ეს, ბებიას წაუღე.
− კარგი, უპასუხა წითელქუდამ.
− ყურადღებით იყავი, გააფრთხილა დედამ – ტყეში მგელია.
− კარგი.
გოგონა სახლიდან გავიდა. დედა უყურებდა ქალიშვილს, რომელსაც წუთელქუდას ეძახდა იმის გამო, რომ მუდამ წითელი ქუდით დადიოდა. დედამ გაიფიქრა, რომ მისი მარტო გაშვება ტყეში საშიში იყო და ისიც გაიფიქრა, რომ მგელი კვლავ გამოჩნდა ტყეში. ეს რომ გაიფირა, დედა ანერვიულდა.
გი დე მოპასანი
მას მგელი შეხვდა. მგელმა ის შეათვალიერა იმ განსაკუთრებული მზერით, როგორითაც გამოცდილი და გარყვნილი პარიზელები ათვალიერებენ პროვინციელ გოგონას, რომელიც ცდილობს, უცოდველად მოაჩვენოს თავი, თუმცაღა სიამოვნებს მამაკაცის ყურადღება. თუმცა მგელს არ სჯეროდა მისი უცოდველობის და თითქოს უკვე ხედავდა კიდეც, როგორ იხდიდა გოგონა, როგორ დაეცა ძირს მისი კაბა და როგორ დარჩა პერანგის ამარა, რომლის ქვეშაც მოსჩანდა მისი სხეულის გემრიელი ფორმები.
ვიქტორ ჰიუგო
წითელქუდას ააკანკალა. ის მარტო იყო. ისევე მარტო, როგორც ნემსი უდაბნოში, როგორც მარცვალი ვარსკვლავთა შორის, როგორც გლადიატორი შხამიან გველთა გარემოცვაში, როგორც ღვეზელი ღუმელში…
იაროსლავ ჰაშეკი
– ეჰ, ეს რა ჩავიდინე – ბურდღუნებდა მგელი – მგონი, ჩავისვარე.
ონორე დე ბალზაკი
მგელმა ბებიას სახლამდე მიაღწია და კარზე დააკაკუნა. ეს კარი დამზადებული იყო მე-17 საუკუნის შუა წლებში უცნობი ოსტატის მიერ. ის გამოჭრილი იყო იმ დროის მოდური კანადური მუხისგან, რომლისთვისაც ოსტატს მიეცა კლასიკური ფორმა და მასზე მიემაგრებინა რკინის ანჯამები, რომლებიც თავის დროზე ეგებ ხეირიანიც იყო, მაგრამ ახლა საზარლად ჭრაჭუნობდნენ. კარზე არ იყო არანაირი ორნამენტი. მხოლოდ მარცხენა ქვედა მხარეს მოჩანდა ერთი ნაკაწრი, რომელზეც ყვებოდნენ, რომ ის დაეტოვებინა სელესტინ დე შავარდს თავისი დეზით, რომელიც გახლდათ მარია ანტუანეტას ფავორიტი და ამავე დროს დედის მხრიდან წითელქუდას ბებიის პაპის ბიძაშვილი. სხვა მხრივ კი კარი იყო სრულიად ჩვეულებრივი და ამდენად, მასზე ყუარდღების შეჩერება არ ღირს.
ოსკარ უაილდი
მგელი: მაპატიეთ, თქვენ არ იცით ჩემი სახელი.
ბებია: ო, ამას არც აქვს მნიშვნელობა. თანამედროვე საზოგადოებაში კეთილი სახელი აქვს იმას, ვისაც საერთოდ არ აქვს სახელი.
მგელი: იცით, ვწუხვარ, მაგრამ მე თქვენს შესაჭმელად მოვედი.
ბებია: რა საამურია, თქვენ უაღრესად გონებამახვილი ჯენტლმენი ბრძანდებით.
მგელი: მაგრამ მე სერიოზულად გეუბნებით.
ბებია: და ეს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს თქვენს მახვილგონიერებას.
მგელი: მიხარია, რომ სერიოზულად არ აღიქვით ფაქტი, რომელიც მოგახსენეთ.
ბებია: სერიოზული საკითხებისადმი სერიოზული მიდგომა მდარე გემოვნების ნიშანია.
მგელი: და რას უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად?
ბებია: ცხადია, სისულელეებს. თქვენ აუტანელი ხართ.
მგელი: როდის არის მგელი აუტანელი?
ბებია: როდესაც კითხვებით გაბეზრებს თავს.
მგელი: და ქალი?
ბებია: როდესაც ვერავინ ახერხებს მიუჩინოს მას ადგილი.
მგელი: თქვენ მეტისმეტად მკაცრი ხართ საკუთარი თავის მიმართ.
ბებია: თქვენი მოკრძალებულობის იმედი მაქვს.
მგელი: მერწმუნეთ.
…
მგელი ჭამს ბებიას.
ერიხ მარია რემარკი
– მოდი ჩემთან – ჩაილაპარაკა მგელმა.
წითლქუდამ ორთომელებში კონიაკი ჩამოასხა და მგელს საწოლზე ჩამოუჯდა.
მათ კონიაკის ნაცნობი არომატი შეიგრძნეს. სასმელში იყო სევდაც და დაღლილობაც.
– მიმქრალი ბინდის სევდა და დაღლილობა – თქვა მგელმა.
– რა თქმა უნდა – უპასუხა წითელქუდამ – იმედი გაქრა, მე მომავალი არ მაქვს.
მგელი დუმდა. ის მას ეთანხმებოდა.
უმბერტო ეკო
1968 წლის 16 აგვისტოს შევიძინე წიგნი, რომელსაც „საბავშვო და საშინაო ზღაპრები“ ერქვა (ლაიფციგი, ტიპოგრაფია: აბელი და მიულერი, 1888). თარგმანის ავტორებად ვინმე ძმები გრიმები იყვნენ მოხსენიებული. გვარიანად მწირ ისტორიულ კომენტარში იუწყებოდნენ, რომ მთარგმნელები ზუსტად მიჰყვებოდნენ XVII საუკუნის ხელნაწერს, რომელიც მელკსის მონასტერში მოიძია საფრანგეთის აკადემიის, ხსენებული საუკუნის, თვალსაჩინო წევრმა პერომ, ვინაც ეგზომ ბევრი რამ გააკეთა ლუდოვიკოს პერიოდის ისტორიოგრაფიისთვის.
ნერვული აღგზნების მდგომარეობაში, იმდენად ჩამითრია შიშისმომგვრელმა ზღაპარმა, რომ თავადაც ვერ შევნიშნე, როგორ დავიწყე კომენტარებით ფირმა „ჟოზეფ ჟიბერის“ დიდი რვეულების შევსება, რომლებშიც აგრერიგ სასიამოვნოა წერა, თუკი ცხადია, კალამი საკმარისად რბილი გაქვთ.
როგორც მკითხველი უკვე მიხვდებოდა, საუბარი წითელქუდას შეეხება.
გაბრიელ გარსია მარკესი
გაივლის ბევრი წელი და დახვრეტის მოლოდნში კედელთან მდგომი მგელი, იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როცა ბებიამ იმდენი დარიშხანიანი ტორტი შეჭამა, რამდენიც უთვალავი ვირთხის განადგურებას ეყოფოდა. მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარიყო, ბებია შუაღამემდე უჯდა როიალს და უკრავდა.
ორი კვირის მერე მგელი და წითელქუდა შეეცადნენ აუტანელი ბებრის ქოხი აეფეთქებინათ. ისინი გულისფანცქალით შესცქეროდნენ, როგორ მიიწევდა წინ ცისფერი ალი დეტონატორის მავთულზე. შემდეგ ორთავემ ყურებზე ხელები აიფარეს, მაგრამ არაფერი აფეთქებულა. და როდესაც წითელქუდამ ბოლოსდაბოლოს გაბედა ქოხში შესვლა იმ იმედით, რომ იქ მკვდარ ბებიას იპოვიდა, მან დაინახა, რომ ბებიაში სიცოცხლე საკმარისზე მეტი იყო: ბებერი, დაფლეთილი პერანგით და შეტრუსული პარიკით, აქეთ-იქით დარბოდა და პლედით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას.
ვიქტორ პელევინი
– აი, მითხარი, ვინ ხარ შენ? – ჰკიხა მგელმა წითელქუდას.
– როგორ თუ ვინ, წითელქუდა.
– არა, ეს შენ გგონია, რომ წითელქუდა ხარ. შენ ფიქრობ, რომ თუ წითელი ქუდი გახურავს, შენც წითელი გახდი. სხვათა შორის, ქუდსაც ჰგონია, რომ ის წითელია.
– ქუდმა როგორ შეიძლება იფიქროს? ან როგორია ის, თუკი წითელი არ არის?
– აბა, დაიხურე ქუდი და მითხარი, რა ფერია.
– წითელი.
– ნამდვილად?
– დიახ.
– შენ მას ხედავ?
– ვერ ვხედავ.
– აბა, რატომ ამბობ, რომ ის წითელია?
– ააა…მივხვდი! მე მგონია, რომ ის წითელია და რადგან ის მე მახურავს, ქუდიც ასე ფიქრობს!
მოხუცი ქალი შემობრუნდა და ხალათიანი ადამიანები დაინახა.
– დააკვირდით, საინტერესო შემთხვევაა. ეს ქალი ფიქრობს, რომ წითელქუდას ბებიაა.