ახლა აქ ხართ:

ვარდების საიდუმლო

ქალაქის განაპირა უბანში, ბნელ და მოუვლელ ქუჩაზე, ერთი მხრიდან ციხის მაღალი, მავთულხლართებიანი მესერი რომ საზღვრავდა, მეორე მხარეს კი შეუხედავი სახლები იყო ჩადგმული, ორნი მიდიოდნენ. გოგო და ბიჭი.

გოგო ლამაზი იყო და ამ უშნო ქუჩაზე მისი სილამაზე უცნაურად მოჩანდა, რაკი აქ, ქალაქის ამ განაპირა უბანში სილამაზეს თითქოს რა ესაქმებოდა.

ბიჭს გოგო მოსწონდა.

მოდიოდნენ და საუბრობდნენ ყველაფერზე და არაფერზე. ქუჩა კი გრძელი იყო.

უეცრად გოგო შეჩერდა. მზერა ერთ წერტილს მიაპყრო. თვალები გაუფართოვდა. ქუჩის პირას, ელექტროგანათების ბოძზე შემოხვეულ მავთულში ვიღაცას ვარდების თაიგული ჩაერჭო.

გოგოს ყვავილები უყვარდა. იმდენად უყვარდა, რომ ხშირად საკუთარ თავსაც ჩუქნიდა ხოლმე.

  • საიდან გაჩნდა აქ ეს თაიგული? – ჰკითხა გოგომ ბიჭს, უფრო კი საკუთარ თავს.

ბიჭმა მხრები აიჩეჩა. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა. მისთვის ამ მომენტში ისიც საკმარისი იყო, რომ იმ გოგოს გვერდით მიაბიჯებდა, რომელიც მოსწონდა.

გოგომ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და თაიგულს ფოტოების გადაღება დაუწყო.

  • ახალი თაიგულია, ჯერ არ დამჭკნარა – შენიშნა ბიჭმა.

გოგოს ენთუზიაზმი მასაც გადაედო – მართლაც საიდან გაჩნდა აქ ეს ვარდები?

  • გინდა დეტექტივობანა ვითამაშოთ? – ჰკითხა ბიჭმა გოგოს – ვარდების საიდუმლო ამოვხსნათ.
  • კი, მინდა – ხალისით დაეთანხმა გოგო – მაგრამ როგორ?
  • ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ ისტორია. ისეთი, თან მოგონილი რომ იყოს და სიმართლესაც რომ ჰგავდეს.

გოგოს აზრი მოეწონა. ბიჭისკენ უფრო ახლოს მიიწია.

  • თაიგული, რა თქმა უნდა, კაცის ნაყიდია – ივარაუდა ბიჭმა.

– კი, და რადგან ვარდებია, ქალს უყიდა, შეყვარებულს.

– შეიძლება არც არის შეყვარებული, უბრალოდ კაცს მოსწონს და ქალმა ჯერ არ იცის.

– ჰო, ეგეც შეიძლება – გაეცინა გოგოს – მერე რა მოხდა?

  • კაცმა თაიგული მოუტანა. ის ქალი რომელიღაც ამ სახლში ცხოვრობს. მერე რაღაც მოხდა და იჩხუბეს. კაცი გაბრაზდა, თაიგული აქ ბოძზე შემოხვეულ მავთულში ჩაარჭო და წავიდა.
  • რაზე იჩხუბეს?
  • ალბათ, სიყვარულში გამოუტყდა, ქალმა კი დასცინა. ამას ეწყინა.
  • არასდროს შერიგდებიან? – იკითხა გოგომ და რატომღაც ცას ახედა.
  • აბა, მე რა ვიცი – თქვა ბიჭმა. ქუჩა თითქმის ავლილი ჰქონდათ.

####################################################################

კაცმა მანქანა ვიწრო ჩიხში შეაყენა. ისე გააჩერა, რომ ნაკლებად გამოჩენილიყო, თავად კი ციხის კარი ეკონტროლებინა.

მალე რკინის კარი უსიამოვნო ჭრიალით გაიღო. ქალმა გაუბედავი ნაბიჯი გადმოდგა. ხელში ძველი, გაცრეცილი ჩემოდანი ეკავა. ეს ჩემოდანი იტევდა მთელ მის ქონებას და ეგებ მოგონებებსაც. მიმოიხედა. ალბათ, ვერც გააცნობიერა, რომელ მხარეს უნდა წასულიყო. ქუჩა უკაცრიელი იყო. ადამიანები ზაფხულის აუტანელ სიცხეს ემალებოდნენ.

კაცი მანქანაში იჯდა და ქალს უყურებდა. ციხის კარი რომ გაიღო, მექანიკურად მანქანიდან გადმოსვლა დააპირა, მაგრამ რაღაც ძალამ შეაჩერა. ახლა იჯდა და ქალს საქარე მინიდან უყურებდა. როგორ დაბერებულა ამ 6 წელიწადში, ნაოჭები გასჩენია. კაცს ქალისადმი სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა, ოღონდ აღმოაჩინა, რომ ამ სიბრალულის მიღმა აღარაფერი იყო, აღარც მონატრება, აღარც ჩახუტების სურვილი. აღარაფერი.

კაცი მანქანიდან აღარ გადმოსულა. დაელოდა, როდის წავიდოდა ქალი. მერე მანქანა დაქოქა. უცებ რაღაც გაახსენდა. ძრავი გამორთო. უკანა სავრძელზე დადებულ ვარდების თაიგულს გადასწვდა, მანქანიდან გადმოვიდა და იქვე, ციხის კედელთან ელექტროგანათების ბოძზე შემოხვეულ მავთულში ჩაარჭო.

Facebook
როლან დ'არბანი
პროფესიით ავტომექანიკოსია. მერე ყველაფერი მობეზრდა და სამოგზაუროდ წავიდა. უეცრად გამდიდრდა, ოღონდ არავისთვის მოუყოლია როგორ. საერთდ, ლაპარაკი არ უყვარს. ბევრს კითხულობს, ცოტას წერს, სვამს.

Leave a Reply

Top