ქალი ტელევიზორს უყურებს, სადაც კოსმოსური ხომალდის სტარტს უჩვენებენ. უკუათვლა დაწყებულია: ათი, ცხრა, რვა, შვიდი... ქალის სახეზე დაძაბულობა მატულობს. ექვსი, ხუთი, ოთხი... ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. სამი, ორი, ერთი, სტარტი! ჰო, გაფრინდა, შეგიძლია მოხვიდე....
უმოკლესი მოთხრობები
უმაღლესი განათლება. რონ ბასტი
− უნივერსიტეტში შარვლის ხეხვის მეტს არაფერს ვაკეთებდით - თქვა ჯენინგსმა. თან ხელებს იბანდა - მთელი ამ საბიუჯეტო შემცირებების შემდეგ, ისინი ბევრს ვერაფერს გასწავლიან. უბრალოდ ნიშნებს გვიწერდნენ. მეტი არაფერი. − აბა, როგორ სწავლობდით? − არ ვსწავლობდით. თუმცა შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ვმუშაობ. კარი მედდამ შემოაღო. − ექიმო ჯენინგს, საოპერაციოში ხართ საჭირო.
მადლიერება. ენდრიუ ჰანტი
შალის გადასაფარებელი, რომელიც ახლახანს მისცეს საქველმოქმედო ფონდში, მოხერხებულად უფარავდა მხრებს, მაღალყელიანი ფეხსაცმელი კი, რომელიც დღეს ნაგვის ურნაში იპოვა, საერთოდ არ უჭერდა. ქუჩის ლამპიონები სასიამოვნოდ უთბობდა სულს გამყინავი სიბნელის შემდეგ. პარკში სკამის საზურგეც ასეთი ნაცნობი იყო მისთვის. − მადლობა ღმერთო - გაიფიქრა მან - ცხოვრება მშვენიერია.
რანდევუ. ნიკოლ ვედლი
ტელეფონმა დარეკა. − ალო - ნაზად თქვა ქალმა. − ვიქტორია, მე ვარ. მოდი, შუაღამეს სანაპიროზე შევხვდეთ. − კარგი, ძვირფასო. − ჰო, ერთი ბოთლი შამპანურიც გამოაყოლე. − არ დამავიწყდება, ძვირფასო. ამაღამ შენთან მინდა ყოფნა. − იჩქარე, ლოდინის დრო არ მაქვს - კაცმა ყურმილი უხეშად დააგდო. ქალმა ამოიოხრა. შემდეგ გაიღიმა: − საინტერსოა, ვინ იყო.
დასაწყისი. ენრიკე კავალიტტო
ქალი მასზე გაბრაზებული იყო. თავიანთ იდილიურ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გააჩნდათ, მაგრამ, ქალს ერთადერთი წყურვილი ჰკლავდა - იმის, რაც მათ არასდროს ჰქონიათ. მის დასაუფლებლად მხოლოდ კაცის სიმხდალე უშლიდათ ხელს. ქალმა გადაწყვიტა მშვიდი და ცბიერი ყოფილიყო. სრულიად შიშველმა ნაყოფს ხელი მოკიდა. − ადამ - ხმადაბლა დაუძახა კაცს.
საღამოს სიურპრიზი. ჰილარი კლეი
ძვირფასი კოლგოტი მკვრივად და ვნებისაღმძვრელად შემოეტმასმა თეძოებს - მშვენიერი აქსესუარია საღამოს კაბისთვის. ყველაფერი - ბრილიანტის საყურეებიდან დახვეწილი ფეხსაცმლის ჩათვლით, წვრილ და მაღალ ქუსლებზე - უბრალოდ ბრწყინვალე იყო. შეღებილი თვალებით ათვალიერებდა საკუთარ ანარეკლს სარკეში, წითლად შეღებილი ტუჩები ვნებიანად გამოიყურებოდა. მოულოდნელად, უკნიდან ბავშვის ხმა შემოესმა: − მამა!
უბედური. დენ ენდრიუსი
ამბობენ, ბოროტებას სახე არ აქვსო. დიახ, მის სახეზე არანაირი გრძობა არ იყო აღბეჭდილი. თანაგრძნობის ნატამალიც არ გააჩნდა, არადა, ტკივილი უბრალოდ აუტანელი იყო. ნუთუ ვერ ხედავს შეძრწუნებას ჩემს თვალებში და პანიკას ჩემს სახეზე? ის მშვიდად, შეიძლება ითქვას, პროფესიონალურად ასრულებდა თავის ბინძურ სამუშაოს. ბოლოს კი მშვიდად მითხრა: პირში წყალი გამოივლეთ, გეთაყვა.
რა სურს სატანას. ბრაიან ნიუელი
ბიჭები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ შორდებოდა მათ სატანა. მისი თვალების ჰიპნოზური ნაპერწკალი ორთავეს ჯერ კიდევ ბურანში ამყოფებდა. – მისმინე, რა უნდოდა შენგან? – სული. და შენგან? – ხურდა მთხოვა, ტელეფონისთვის. სადღაც სასწრაფოდ უნდა დაერეკა. – გინდა, წავიდეთ, რამე ვჭამოთ? – მინდა, მაგრამ ფული საერთოდ აღარ მაქვს. – არა უშავს, მე მაქვს ბევრი.
დამალობანა. კურტ ჰომანი
− 99, 100! ვინც არ დამალულა, ჩემი ბრალი არ არის! არ მიყვარს ძებნა, მაგრამ ეს ჩემთვის გაცილებით იოლია, ვიდრე დამალვა. ბნელ ოთახში შევდივარ და იქ მყოფ სუნთქვაშეკრულ ადამიანებს ჩურჩულით ვეუბნები: − გიპოვე. შემდეგ ისინი შიშჩამდგარი მზერით მომყვებიან გრძელ დერეფანში. ორივე მხარეს ჩამოკიდებულ სარკეებში კი ჩემი ფიგურა ირეკლება, გრძელი მოსასხამით და ცელით.
საავადმყოფოში. ბარნაბი კონრადეშჩე
ქალს თავბრუდამხვევი სისწრაფით მიჰყავდა მანქანა. ღმერთო, ოღონდ დროზე მოვასწრო. თუმცა, რეანიმაციული პალატის ექიმის სახის გამომეტყველებით ის ყველაფერს მიხვდა. აქვითინდა. − გონზეა? − მისის ალერტონ - რბილად თქვა ექიმმა - თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: მე შენ მიყვარხარ, მერი. ქალმა ექიმს უცნაურად შეხედა და შებრუნდა. − მადლობა - ცივად თქვა ჯუდით ალერტონმა.