ახლა აქ ხართ:

მეოთხე შვილი

  • ყველაფერი კარგადაა – თქვა ექიმმა – დამშვიდდით. ვაჟი გყავთ.
  • რაა?
  • თქვენ ვაჟი გყავთ. გესმით ჩემი? მშვენიერი ბიჭია. გესმოდათ როგორ იტირა?
  • ჯანმრთელია, ექიმო?
  • რა თქმა უნდა.
  • შეიძლება შევხედო?
  • მალე განახებთ.
  • დარწმუნებული ხართ, რომ ჯანმრთელია?
  • სავსებით!
  • ისევ ტირის?
  • შეეცადეთ დამშვიდდეთ.
  • ტირილის ხმა რატომ აღარ მესმის ექიმო, ყველაფერი კარგადაა?
  • დიახ, ნუ ნერვიულობთ ასე, ყველაფერი კარგადაა.
  • ნახვა მინდა, მომეცით უფლება, ექიმო. რომ იცოდეთ, როგორ ვლოცულობდი რომ გადარჩენილიყო.
  • ცხადია იცოცხლებს, რამ გაფიქრებინათ?
  • ჩემი სხვა შვილები ვერ გადარჩნენ.
  • რაა?
  • ჩემი შვილებიდან ვერც ერთი ვერ გადარჩა.

ექიმი საწოლთან იდგა და ახალგაზრდა ქალის ფერმკრთალ, დატანჯულ სახეს უყურებდა.

  • სანერვიულო არაფერი გაქვთ – შეარბილა ტონი ექიმმა – თქვენ სავსებით ნორმალური ვაჟი გყავთ.
  • სხვა შვილებზეც იგივეს მეუბნებოდნენ, ექიმო. მაგრამ მე ყველა შვილი დავკარგე.

ექიმს აღარაფერი უთქვამს.

  • თქვენ ვერ გაიგებთ, ეს რას ნიშნავს, ექიმო. სამივე შვილის დაკარგვა, ერთი მეორეს მიყოლებით. საშინელებაა, როცა ისინი ავად ხდებიან და ვერაფრით ვშველი.
  • მესმის თქვენი.

ქალმა თვალები გაახილა. ექიმს მიაშტერდა, შემდეგ ისევ დახუჭა.

  • ჩემს პატარა გოგონას იდა ერქვა. ის შობის წინ გარდაიცვალა.
  • თქვენ ახლა ისევ გყავთ შვილი.
  • იდა ისეთი ლამაზი იყო.
  • დიახ, ვიცი.
  • საიდან შეიძლება იცოდეთ – იყვირა ქალმა.
  • დარწმუნებული ვარ , რომ ლამაზი ბავშვი იყო, მაგრამ ესეც ლამაზია.

ექიმი ფანჯრისკენ შებრუნდა. აპრილის წვიმიანი დღე იყო. მსხვილი წვეთები კრამიტებს ეცემოდნენ და შხეფებად იფანტებოდნენ.

  • იდა ორი წლის იყო, ექიმო, ისეთი ლამაზი იყო. სულ მეშინოდა, რამე არ დამართოდა… ჯერ გუსტავი მომიკვდა, მერე პატარა ოტო. მხოლოდ იდა მრჩებოდა. ღამით ფრთხილად მივდიოდი ხოლმე მის საწოლთან და ყურს ვადებდი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ სუნთქავდა.
  • შეეცადეთ დაისვენოთ – უთხრა ექიმმა – გთხოვთ, შეეცადეთ დაისვენოთ.

ქალს სახე გაფითრებული ჰქონდა, ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი მოლურჯო, მონაცრისფრო ფერი დაჰკავდა, შუბლზე სველი თმები მიწეპებოდა.

  • როცა იდა მოკვდა, მე ისევ ფეხმძიმედ ვიყავი. აღარ მინდოდა კიდევ ერთი შვილის გაჩენა. ჩემი ქმარი კი ლუდის უზარმაზარი კათხით ხელში დადიოდა და მეუბნებოდა, შენთვის კარგი ამბავი მაქვს, კლარა… შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ექიმო? ჩემი პატარა იმ დღეს დავკრძალეთ, ის კი მეუბნება, რომ ჩემთვის კარგი ამბავი აქვს. ახალ სამსახურში დაუნიშნავთ, თქვენ ქალაქში.
  • გთხოვთ, ნუ ლაპარაკობთ.
  • მეშინია, ექიმო.
  • შეეცადეთ, დამშვიდდეთ.
  • ამ ბავშვს აქვს გადარჩენის შანსი?
  • ნუ განეწყობით ცუდისთვის.
  • არ შემიძლია. რაღაც მემკვიდრეობითი დაავადება კლავს ჩემს შვილებს, ზუსტად ვიცი.
  • რა სისულელეა.
  • იცით, რა მითხრა ჩემმა ქმარმა, როცა ოტო დაინახა? ოთახში შემოვიდა, ბავშვს დახედა და თქვა, ჩემი შვილები რატომ არიან ასეთი პატარები და სუსტებიო.
  • დარწმუნებული ვარ, ასე არ იტყოდა.
  • თქვა! ოტოს საწოლთან ისე დაიხარა, თითქოს, იქ ქვეწარმავალი იწვა და ჩაილაპარაკა, უკეთესი ეგზემპლარები რატომ არ გამომდისო! სამი დღის მერე კი ოტო მოკვდა! დილას მოვნათლეთ და საღამოს მოკვდა. მერე გუსტავი მოკვდა. მერე იდა. სამივე მოკვდა და სახლი დაცარიელდა.
  • ნუ იფიქრებთ ახლა ამაზე.
  • ეს ბავშვიც ძალიან პატარაა?
  • ნორმალური ბავშვია.
  • მაგრამ პატარა?
  • შესაძლოა, ცოტათი პატარა იყოს, მაგრამ, პატარა ტანის ბავშვები ზოგჯერ უფრო ჯანმრთელებიც არიან. წარმოიდგინეთ, გაისად ამ დროს უკვე სიარულს დაიწყებს. თქვენ უკვე შეურჩიეთ სახელი, ფრაუ ჰიტლერ?
  • სახელი?
  • დიახ, სახელი.
  • არა, ჯერ არ ვიცი. მგონი ჩემი ქმარი ამბობდა, რომ ბიჭი თუ იქნებოდა, ადოლფუსი დაგვერქმია.
  • გასაგებია, ანუ ადოლფი.
Facebook
როლან დ'არბანი
პროფესიით ავტომექანიკოსია. მერე ყველაფერი მობეზრდა და სამოგზაუროდ წავიდა. უეცრად გამდიდრდა, ოღონდ არავისთვის მოუყოლია როგორ. საერთდ, ლაპარაკი არ უყვარს. ბევრს კითხულობს, ცოტას წერს, სვამს.

Leave a Reply

Top