ფრაგმენტი აკა მორჩილაძის სანთლის შუქზე წასაკითხი ბულვარული რომანიდან “აგვისტოს პასიანსი”
თუკი ოდესმე რაღაცების არდავიწყებაზე მიდგება საქმე, გთხოვთ, საყვარელნო, არ დაივიწყოთ ის დრო, როცა კინოში დაიარებოდით ღამის სეანსებზე. იყო ასეთი გემრიელი სეანსი პაწაწინა კინო “ყაზბეგში”, სწორედ იმ დროს, როცა ვაკეში არსებობდა ერთი რესტორანი, “მწვანე ველი” და ერთიც კაფე, ხალხისაგან “ფრანციად” წოდებული, იქაური ნამცხვრების გამო. კინო “ყაზბეგის” სალაროებთან მოჰკლეს ერთ დროს…
ნუ გარევთ ამ ამბავს იმ ამბებში.
არდავიწყება არდავიწყებაა და გაიხსენებთ იმ ბოლო სეანსებს და იმ ბოლო დროს ნანახ ფილმებს. იმათგან არ დაივიწყოთ სადღეისოდ გახუნებული, ჩვეულებრივი ფრანგული ფილმები შეყვარებულთა შესახებ და, მართალია, იმ სიყვარულებს არაფერი მოუცია თქვენთვის, საკუთარ თავში ვერ დასძებნიდით სულ მცირე ძაფსაც, ალენ დელონის გმირს რომ ჩასჭიდებოდით თქვენის შინაგანის თრთოლით, რადგან არა თრთოდით. და არც ქალები უახლოვდებოდნენ ანუკ ემეს, ოღონდ თმას თუ შეიჭრიდნენ ისე და ეგ იყო და ეგ.
მაგრამ ნუ დაივიწყებთ ამ ფილმებს, რადგან ისინი გიმოკლებდნენ საღამოებს და გულში კი შთებოდა მანქანის ფარებით განათებული გზები პარიზისა და მყუდრო სასტუმროთა ნომრები. ხედები ფანჯრებიდან და უხილავი ბზრიალა განცდებისა, საათ-ნახევრით.
განა არ ვიცი? მივიწყებულია ესა. მაგრამ გაიხსენეთ, პარასკევ საღამოს, კინო “ყაზბეგში”, ბოლო სეანსზე, ბოლო რიგში რომ ისხედით. ეს იყო პირველ დარბაზში. მეორე დარბაზს აკლდა მყუდროება და თანაც, იქ რვა საათის შემდეგ აღარ იყო სეანსები.
და ისხედით ბოლო რიგში, სულ კუთხეში. ბილეთები შენ აიღე. ვიწროწელიანი შლაქსები გეცვა და ყვითელი ბატენის პერანგი, საყელოები მხრებს სწვდებოდა. შენ კი მოკლე ვარდისფერი კაბა გეცვა. იყო ასეთი ფერები ერთ დროს.
მითხარი, რა ფილმი გადიოდა იმ ღამით?
რა გადიოდა? თქვენისთანებს აღარაფერი ახსოვთ. გეტყვით…”თავგადასავლების მაძიებლები”. ალენ დელონი,ლინო ვენტურა და…
არ დაივიწყოთ, სულ აღარაფერი დაგრჩათ?