ნათია ბალანჩივაძე.
ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ფეისბუკში შევდივარ. კლავიატურა ლათინურ შრიფტზე გადამყავს. საძიებო ველში ვკრეფ: Natia balanchivadze.
კი, ეგ არის, პროფილის ფოტოთი ვხვდები. თვალში ბოლო პოსტი მხვდება. უფრო სწორად, ფოტო – სიცოცხლეს ასხივებს. ქვეშ უამრავი მოწონება და კომენატრი აქვს.
ფოტოების განყოფილებაში შევდივარ: Photos of Natia; Natias’s photos; Albums.
ატვირთულ ფოტოებს ვკლიკავ. ზამთარში გადაღებული ფოტოები მხვდება. ვსქროლავ – შემოდგომის ფოტოები. მერე ზაფხულის. ზაფხულის ფოტოები განსაკუთრებით მომწონს. საოცრად მიმზიდველად გამოიყურება. მიმზიდველად და ბედნიერად. ეს ფოტო სხვებზე მეტად მომწონს: ფანჯრის რაფაზე ზის, მოკლე ჯინსის კაბა და ადიდასის თეთრი ბოტასები აცვია. დიდი ზომის მაისური მხარზე აქვს გადმოვარდნილი. ფოტო პროფილშია გადაღებული. აშკარად დადგმული კადრია, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს.
ნათია ბალანჩივაძე – ვთქვი ხმამაღლა. ღამის სიჩუმეში ჩემი ხმა უცნაური ექოთი დამიბრუნდა უკან. შევკრთი. რაღაცნაირი გრძნობაა, ღამე სრულიად მარტო სასაფლაოზე რომ დგახარ. ნათია ბალანჩივაძის სააფლავს თვალი ერთხელაც მოვავლე და ჩქარი ნაბიჯით ტრასისკენ წავედი.
###########################################################
- წავიდეთ, აწი – ვთქვი ხმამაღლა და ბიჭებს გავხედე.
კახა საფლავის ქვაზე ზის თავდახრილი. თვალები მგონი, ცრემლიანი აქვს. ბნელა, მთვარის შუქი არ კმარა გასარჩევად. გიორგი თავისთვის ხმამაღლა ლაპარაკობს. უფრო სწორად, მკვდრებს ელაპარაკება. კობა და გოგია ჭიქებს უხმოდ უჭახუნებენ ერთმანეთს, პლასტმასის ერთჯერადმა ჭიქებმა აბა, რა ხმა უნდა გამოსცენ. სოლო იქვე საფეხურზეა ჩამომჯდარი. ჩუმადაა. სოლო საერთოდ ცოტას ლაპარაკობს და ყოველთვის დინჯად იქცევა.
ვატყობ, რომ წამომსვლელი ჯერ არავინაა. მთვარეს ფოტოს ვუღებ და ფეისბუკში ვდებ. „ღამე სასაფლაოზე“ – ვაწერ ზემოთ და რეაქციებს ველოდები. პირველი რეაქცია, რა თქმა უნდა, ცოლისგანაა. ეჭვიც არ მეპარებოდა: „სად დაეთრევი? შენ ნორმალური ხარ?!“
გვერდით საფლავზე აღმართულ ჯვარს დავეყრდენი. უსიამოვნო გრძობამ დამიარა. ჯვარი სამარესავით ცივია. ხელს ვუშვებ.
როგორ არის, იმასთან? „წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარა“
ჰო, მგონი ეგრეა…
თუ რამის მეშინია, სიცივეა. ასე მგონია, დრო რომ მოვა, მხოლოდ სამარის სიცივის შემეშინდება. მეტი არაფრის. იმედი მაქვს, მკვდრები ნამდვილად არაფერს გრძნობენ, ყოველ შემთხვევაში, სიცივეს მაინც.
ჰა, წავედით – მგონი სოლოც დაიღალა. შედარებით ფხიზლად ჩვენ ორნი ვართ. გიორგი კახას შეეხიდა. საფლავის ქვიდან წამოაყენა. მეღიმება. ცალცალკე ფეხზე ვერ დგანან, ერთმანეთი კიდევ საკაიფოდ მიჰყავთ. უკან კობა და გოგია მიყვებიან. მერე სოლო, ბოლოს მე. აღარ ვჩქარობ. ფრთხილად ჩავდივარ ქვევით, ტრასისკენ. ქართული სასაფალაოები რთული ლაბირინთივითაა. არანაირი დაგეგმარება, სადაც ადგილს იპოვიან, იქ ჭრიან საფლავს. კიბეებით ჩასვლა წარმოუდგენელია.
კახა და გიორგი უკვე ქვევით არიან. ლაბირინთში ძრომა არც მოსვლიათ აზრად, პირდაპირ საფლავებით გადაჭრეს და ტრასაზე დგანან.
ტრასაზე მანქანა ცოტაა. მაგრამ ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობენ. გიორგის ხმა მესმის: გააჩერე, შენი დედა მოვტყან!
აბა, ვინ გაუჩერებს ექვს აგრესიულ მთვრალს, სასაფლაოზე ღამის სამ თუ ოთხ საათზე?
- ფეხით დავიძრათ და ვაკე-საბურთალოზე ვინმე გაგვიჩერებს – ვთავაზობ საზოგადოებას და მაშინვე ვხვდები, კრეტინობას რომ ვამბობ: ვინ არის ფეხით ჩამსვლელი?
- გააჩერე, შე ბოზო! – გიორგიმ მორიგ მანქანას შეაგინა.
უიმედო სიტუაციაა.
- მოდი, გავისეირნებ – ვეუბნები საკუთარ თავს და გადაღმა სასაფლაოზე საბოდიალოდ მივდივარ.
საფლავებს შორის ვბოდიალობ. გიორგის ხმა სულ უფრო შორიდან მესმის. საფლავის ქვებზე ამოტვიფრულ თარიღებს ვკითხულობ. ტვინში კალკულატორი ირთვება: მკვდრების ასაკს ვითვლი.
უცბათ საფლავებს შორის ბილიკი მთავრდება. წინ ბოლო საფლავია. დიდი და მოვლილი. შავი მარმარილოთი მოპირკეთებული. უეცრად გავშეშდი. საფლავის ქვიდან მთვარის შუქით განათებული ძალიან ლამაზი გოგოს თვალები მიყურებენ.
პირველმა ელდამ რომ გადამიარა, ვკითხულობ: ნათია ბალანჩივაძე. 1981 – 2017.
ნათია ბალანჩივაძე – ვამბობ ხმამაღლა.
############################################################
- მოვედით, ბიჭო! – ამბობს გიორგი.
მიყვარს სასაფლაოები, სიმშვიდეა და არავინ განერვიულებს. მაქსიმუმ ჭირისუფლები. მაგრამ ამ დროს აქ ჭირისუფალს რა უნდა.
ღვინოს ერთჯერად ჭიქებში ვასხამთ. გოგია არაყს სვამს. იქამდეც არაყს სვამდა და დანარჩენები ვერ აგვიყოლია.
- შენ გაგიმარჯოს – ვეუბნებით საფლავის ქვას და ვსვამთ. ჭიქებში ჩარჩენილ ბოლო ყლუპს იქვე ვაქცევთ. შავი მიწა ხარბად ისრუტავს ღვინოს.
ვცდილობ წარმოვიდგინო კუბო, რომელიც 10 წლის წინ ჩვენვე ჩავუშვით აქ, ამ ადგილას, ორი მეტრის სიღრმეზე. არაფერი გამომდის.
ის ამბავი მახსენდება, ვირჯინიაში ედგარ პოს მუზეუმში კედელზე მიყუდებული კუბო რომ ვნახე. იმიტომაც იყო მიყუდებული, რომ ხალხი შიგნით ჩამდგარიყო. არ მიყოყმანია, ისე ჩავდექი იმ აყუდებულ კუბოში.
- ვაიმეეე, რა გრძნობა იყო? – მკითხეს მერე გოგოებმა.
რა გრძნობა იყო? – არაფერი. აი, საერთოდ არაფერი, ნუ, სივიწროვეს თუ არ ვიგულისხმებთ. მაგრამ სივიწროვეზე ხო არ მეკითხებოდნენ?
ვსვამთ. ამბებს ვიხსენებთ, ისევ ვსვამთ. ისევ ამბებს ვიხსენებთ.
- წავიდეთ, აწი – ვთქვი ხმამაღლა და ბიჭებს გავხედე.
############################################################
- დაიკო, ეხლა ეს ყველაფერი ლამაზად ჩაგვილაგე – ეუბნება კობა მიმტან გოგოს.
გოგო დაღლილია, თავაზიანობის გამოც კი აღარ იღიმება. სახეზე აწერია, რომ ერთი სული აქვს, როდის წავალთ. უფრო სწორად, როდის წავეთრევით. უკვე ძალიან გვიანია.
- მოიცა შეჩემა, რა ყველაფერი, მარტო ხაჭაპურები ჩაგვილაგოს – ეუბნება კობას გოგია.
გოგია ჭკვიანია, აბა, სადაც მივდივართ, იქ შქმერულის ჭამას ხომ არ დავიწყებთ?!
- გრაფინიდან ეს ღვინო ბოთლებში გადაგვისხით – საქმიანად ეუბნება გოგოს სოლო – ეს არაყიც რამეში ჩაგვისხით.
დღეს კობას დაბადების დღეა. ბიჭები, მგონი, ყველა აქ ვართ, ან თითქმის ყველა. გადაწყდა: ვინც გვაკლია, იქით მივაკითხოთ. არ მახსოვს ვინ თქვა პირველმა, ბაჩოს გავაკითხოთო, მაგრამ იდეა ყველამ უცბათ ავიტაცეთ.
ავიშალეთ.
- ორი ტაქსი გვინდა – ამბობს კახა.
ვაჩერებთ. შოფრებს არ უკვირთ, მისამართს რომ ვეუბნებით. ფეხებზე ჰკიდიათ, თან ჰგონიათ, მეტსაც აგვახევენ. არადა, რისი მეტის მიმცემები ვართ.
ტაქსებიდან გადმოვდივართ. გზას სიბნელეშიც იოლად ვაგნებთ. ვჩერდებით.
მოგაკითხეთ, ბიჭო! – ამბობს გიორგი და საფლავის ქვას დასცქერის.