1926 წლის 31 ოქტომბერს, დეტროიტში 52 წლისა გარდაიცვალა ჰარი ჰუდინი. ლეგენდის თანახმად, სიკვდილი იმ შემთხვევამ განაპირობა, რომელიც 10 დღით ადრე, 21 ოქტომბერს მოხდა…
მონრეალში, გასტროლის დროს, ჰუდინის საგრიმიოროში სამი სტუდენტი შევიდა. მათგან ერთი, გორდონ უაითჰედი კოლეჯის ჩემპიონი იყო კრივში. მას ჰუდინისთვის უკითხავს, მართლა შეეძლო თუ არა მუცელში დარტყმების გაძლება და თუ მართლა ვერ გრძნობდა ამ დროს ვერაფერს, როგორც ხალხი ყვებოდა. ლეგენდა გვეუბნება, რომ ჰუდინი ფიქრს მისცემოდა და ანგარიშმიუცემლად დაუქნევია სტუდენტისთვის თავი. ამასაც თავის დაქნევა თანხმობად მიუღია და ღონივრად დაურტყამს ჰუდინისთვის მუცელში ორჯერ თუ სამჯერ.
ძლიერმა დარტყმებმა ჰუდინი ცხადია, ფიქრს მოსწყვიტა და სტუდენტი შეაჩერა – მოიცადეთ, მომზადება მჭირდებაო. ამის მერე პრესი დაუჭიმია და დარტყმის უფლემა მიუცია. გორდონ უაითჰედს ისევ დაურტყამს და უგრძვნია, რაოდენ გაქვავებული ჰქონდა მუცელი დიდ ილუზიონისტს.
მომდევნო რამდენიმე დღე ჰარის მუცლის არეში ტკივილები ჰქონია. ფიქრობდა, რომ სტუდენტი მოკრივის მოულოდნელი დარტმების ამბავი იყო. დეტროიტში გამოსვლის დროს კი ილუზიონისტი პირდაპირ სცენაზე დაეცა და ჰოსპიტალში წასაყვანი შეიქნა. ჰუდინის აპენდიციტის გაგლეჯვა დაუდგინეს რის გამოც პერიტონიტი განუვითარდა. ექიმებმა ხელები ჩამოყარეს და გარდაუვალი სიკვდილი იწინასწარმეტყველეს.
როგორც თავშივე ვთქვით, ჰარი ჰუდინი 31 ოქტომბერს აღესრულა.
მას მერე დავობენ, გახდა თუ არა სტუდენტი მოკრივის დარტყმა ჰუდინის გარდაცვალების მიზეზი. პირდაპირი კავშირი მუცელში დარტყმებსა და აპენდიციტს შორის ვერ დადგინდა. თუმცა იმასაც ამბობენ, ჰუდინის მუცლის ტკივილი დარტყმის შედეგი რომ არ ჰგონებოდა, აპენდიციტზე აიღებდა ეჭვს და დროული სამედიცინო ჩარევა გადაარჩენდაო.
ვინ იცის…