ახლა აქ ხართ:
Home > კალენდარი > 26 ოქტომბერი – ინჟინერ შტოლის იდუმალი სიკვდილი

26 ოქტომბერი – ინჟინერ შტოლის იდუმალი სიკვდილი

კაცობრიობის ისტორია უამრავ კრიმინალურ საიდუმლოს ინახავს. მათგან ერთი, გიუნტერ შტოლის იდუმალი სიკვდილის საქმეა. გერმანელი ინჟინერი 37 წლის წინ, ამ დღეს, 26 ოქტომბერს დაიღუპა და მისი სიკვდილის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია.
🔍 გიუნტერ შტოლი ფედერაციულ გერმანიაში, ქალაქ ვილნსდორფში ცხოვრობდა და პარანოიის მსუბუქი ფორმით იტანჯებოდა. პარანოია იმაში გამოიხატებოდა, რომ ცოლს გამუდმებუთ უყვებოდა უცნობ ადამიანებზე, რომლებსაც მისთვის ზიანის მიყენება სურდათ. ცოლი მონათხრობს არ იჯერებდა და პარანოიის სიმპტომად მიიჩნევდა.
🔍 25 ოქტომბრის იმ საღამოს, დაახლოებით 11-ზე, შტოლმა ცოლთან საუბრისას ერთხელად ახსება „ისინი“, შემდეგ გაირინდა და უეცრად აღმოხდა: „ახლა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია!“ შტოლი ფურცელს და კალამს ეცა და 6 იდუმალი ასო-ნიშანი დაწერა: YOGTZE. შემდეგ ნაწერი გადახაზა, სახლიდან გავარდა და თავის საყვარელ პაბ „პაპილონს“ მიაშურა, სადაც კათხა ლუდი შეუკვეთა.
ბარში შტოლმა უეცრად გონება დაკარგა, დაეცა და სახე დაარტყა. მოგვიანებით მოწმეებმა განაცხადეს, რომ შტოლი მთვრალი არ ყოფილა. გონზე მოსული ინჟინერი ბარიდან გამოვიდა და თავისი თეთრი ფოლკსვაგენ გოლფით სადღაც გაეშურა.
🔍 შუაღამეს გადასცდა, 26 ოქტომბერი დადგა, ღამის 1 საათზე შტოლი ქალაქ ჰაიგერში ჩავიდა და ვინმე ერნა ჰელფრიცს მიადგა სახლში. ელგა ღრმად მორწმუნე ქალი იყო. შტოლი მას ბავშვობიდან იცნობდა. გვიანი და უეცარი ვიზიტით უკმაყოფილო ქალმა ინჟინერს სასწრაფოდ სახლში წასვლა ურჩია, რაზეც შტოლმა მიუგო: „ამ ღამეს რაღაც საშინელი უნდა მოხდეს!“
🔍 ღამის 3 საათზე სატვირთო მანქანების ორმა მძღოლმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ჰაიგერიდან 100 კილომეტრის დაშორებით, დალეწილი ფოლკსვაგენ გოლფი დაინახეს, მანქანასთან კი ღია ფერის ქურთუკიანი მამაკაცი იდგა, რომელიც დაჭრილს ჰგავდა.
🔍 შემთხვევის ადგილას მისულმა პოლიციამ გიუნტერ შტოლი მანქანაში, მძიმე მდგომარეობაში და რაც ყველაზე უცნაური იყო, სრულიად შიშველი იპოვა. შტოლი ჯერ კიდევ გონებაზე იყო. მან პოლიციას უთხრა, რომ ოთხმა მამაკაცმა, რომლებიც მანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ, ის სასტიკად სცემეს. მან პოლიციას ასევე უთხრა, რომ მამაკაცებს არ იცნობდა. პოლიციელებმა შტოლი საავადმყოფოში წაიყვანწე, თუმცა ის გზაშივე გარდაიცვალა.
🔍 ადგილზე მისულმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შტოლი არავის უცემია და არც მანქანაში მჯდომს მიუღია ტრავმა. არამედ მას, ფეხით მოსიარულეს, სხვა მანქანა დაეჯახა და მხოლოდ ამის მერე მიიყვანეს და ჩასვეს საკუთარ მანქანაში. ამასთანავე მანქანის დაჯახების მომენტში ის უკვე შიშველი იყო.
🔍 შტოლი მანქანას თავად ჩაუვარდა თუ განზარახ დააჯახეს, ამ დრომდე ამოუცნობი რჩება. ასევე არავინ იცის, მართლა არსებობდა თუ არა 4 იდუმალი მამაკაცი, რომლებზეც ის სიკვდილის წინ ყვებოდა. დღემდე უცნობია ქურთუკიანი მამაკაცის ვინაობაც.
მეშიფრეებმა კი 6 საიდუმლო ასოს გაშიფრვა ვერ მოახერხეს.
ეგებ, ინჟინერ გიუნტერ შტოლს არც პარანოია ჰქონია?
Facebook
როჯერ ტორნჰილი
სარეკლამო აგენტად მუშაობდა. მერე რაღაც შარში გაეხვა და ათასი ფათერაკი გადახდა თავს. ახლა ცდილობს მშვიდად იცხოვროს და ამ საიტზე რაღაც ისტორიებს წერს.
Top