ახლა აქ ხართ:
Home > კალენდარი > 30 ნოემბერი – ქალი, რომელსაც მეტეორიტი მოხვდა

30 ნოემბერი – ქალი, რომელსაც მეტეორიტი მოხვდა

ამერიკელი ენ ელიზაბეტ ჰოჯესი კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც – დოკუმენტურად დადასტურებულად ვიცით – რომ კოსმოსიდან შემოჭრილი მეტეორიტი მოხვდა და გადარჩა.
იმ დღეს, 1954 წლის 30 ნოემბერს, ქალი ალაბამას შტატის პატარა ქალაქ სულაკოგაში, თავის სახლში, ტელევიზორის წინ სავარძელში იჯდა და თვლემდა. უცაბედად, 4 კილოგრამიანმა კოსმოსურმა სტუმარმა სახლის ჭერი გაანგრია, რადიოს დაეცა, აისხლიტა და ქალს მოხვდა.
თანაქალაქელებმა (მოგვიანებით მეტეორიტის ამ ნატეხს სწორედ ქალაქის სახელი ეწოდა) თავდაპირველად ჩათვალეს, რომ რუსების სარაკეტო იერიშის მსხვერპლები გახდნენ. ატომურ ბომბზეც კი აიღეს ეჭვი, თუმცა მალევე დამშვიდდნენ და უღბლო (ან ეგებ პირიქით, იღბლიანი) დიასახლისის სახლისკენ გაეშურნენ.
მეორე დღეს ენ ელიზაბეტ ჰოჯესმა – კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთმა მეტეორიტმოხვედრილმა და გადარჩენილმა ადამიანმა -სახელგანთქმულმა გაიღვიძა. ინციდენტმა მხოლოდ ჰემატომა დაუტოვა. ქალში თავისი უნიკალურობის მატერიალურ კეთილდღეობად ქცევის ჟინმაც გაიღვიძა და გადაწყვიტა, მეტეორიტით ფული ეშოვა. მომქანცველ სასამართლო პროცესშიც კი ჩაება, კოსმოსურ ქვაზე საკუთრების უფლება რომ დაემტკიცებინა. საბოლოოდ საკუთრებად კი გაიფორმა, მაგრამ ბიზნესი არ გამოუვიდა. სარფიანად ვერ გაყიდა და ბოლოს, ხელი რომ ჩაიქნია, ისევ მუზეუმს აჩუქა.
Facebook
როჯერ ტორნჰილი
სარეკლამო აგენტად მუშაობდა. მერე რაღაც შარში გაეხვა და ათასი ფათერაკი გადახდა თავს. ახლა ცდილობს მშვიდად იცხოვროს და ამ საიტზე რაღაც ისტორიებს წერს.
Top