1980 წლის 4 დეკემბერს კლივლენდის ერთ მაღაზიაში მძარცველი შევარდა და ფული მოითხოვა. მას წინააღმდეგობა 69 წლის ქალმა გაუწია, რომელიც მაღაზიაში რაღაც ლენტებს ყიდულობა. დაპირისპირება გასროლით დასრულდა და ქალი დაიღუპა.
გარდაცვლილი ძველი დროის დიდი ჩემპიონი, სტელა უოლში აღმოჩნდა. ეს მისი ამერიკული სახელი იყო, დაბადებისას კი სტანისლავა ვალაშევიჩი ერქვა. პოლონელი იყო და მოგვიანებით მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.
სტელა უოლშის შედეგებს ბარე ორი სპორტსმენი ინატრებდა.
სტელა ოლიმპიური ჩემპიონი იყო 100 მეტრზე სირბილში, იყო ოლიმპიური ვიცე ჩემპიონიც. 2-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის საერთაშორისო ქალთა თამაშების გამარჯვებული, 3-გზის უნივერსიადების ჩემპიონი და 5 მსოფლიო რეკორდის მპყრობელი.
აი, ასეთი ქალი ემსხვერპლა მაღაზიაში ძარცვას, თუმცა ამბავი სიკვდილით არ მთავრდება.
ამერიკული კანონებით, ნებისმიერი არაბუნებრივი სიკვდილი ცხედრის გაკვეთას მოითხოვს და ასე მოხდა ამჯერადაც.
გაკვეთამ კი აჩვენა, რომ სტელა უოლში ინტერსექსუალი იყო, ანუ ორივე სქესის ნიშნებს ატარებდა, რასაც მოძველებული ტერმინით ჰერმაფროდიტიზმსაც ვეძახით. გაკვეთამ აჩვენა, რომ სტელას არ ჰქონდა საშვილოსნო, გააჩნდა ანომალიური შარდსადენი და განუვითარებელი სასქესო ორგანო. ქრომოსომების ანალიზმაც მიღებული ნორმიდან გადაცდენა აჩვენა.
ამ სრულიად მოულოდნელი აღმოჩენის შემდეგ, გაჩნდა კითხვა სტელას სპორტულ მიღწევებთან დაკავშირებით. სოკ-მა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ამ საკითხზე საჯარო მსჯელობა არ მოინდობა და ყველაფერი ძველებურად დატოვა. კორონერმა კი განაცხადა, რომ სტელა სოციალურად, კულტურულად და იურიდიულად ქალი იყო.