♚ 65 წლის წინ, ამ დღეს, 8 იანვარს, ბობი ფიშერი შეერთებული შტატების ჩემპიონი გახდა. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ბობი იმ დროს მხოლოდ 14 წლის იყო…
♚♚♚
რა იყო მერე – გამოვტოვოთ, ცნობილი ისტორიაა და პირდაპირ გარდაცვალების შემდგომ ამბებს მივადგეთ.
♚♚♚
ფიშერი ისე მოკვდა, რომ ანდერძი არ დაუტოვებია, არადა, ქონება გვარიანი დარჩა – დაახლოებით, 2 მილიონი დოლარი. რეიკიავიკის მუნიციპალურმა სასამართლომ (ბოლო წლები
ისლანდიაში ცხოვრობდა) ერთადერთ მემკვიდრედ ბობის ცოლი, იაპონელი მიეკო ვატაი აღიარა, მაგრამ 2009 წელს ისლანდიის უმაღლესმა სასამართლომ ქალს მემკვიდრეობა ჩამოართვა, აქაოდა, ქალმა საბუთები ვერ წარმოადგინა, რომ ქორწინება წესისამებრ იყო გაფორმებულიო.
♚♚♚
მიეკოს გარდა ქონებაზე პრეტენზიას ბობის დისშვილები აცხადებდნენ. მემკვიდრეობაზე პრეტენზია ჰქონდა შეერთებული შტატების ფინანსური სამსახურსაც, რომელიც ფიშერს მრავალი წელი ედავებოდა გადასახადების დამალვას. კიდევ ერთი პრეტენდენტი ფილიპინელი მერილინ იანგი იყო, რომელთანაც ფიშერი ერთი ხანი ცხოვრობდა და ქალი ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილი ჯინკი, ბობი ფიშერის შვილიც იყო.
გენეტიკური ანალიზისთვის, მერილინი ბობის გენეტიკურ მასალას იმ საავადმყოფოში ეძებდა, სადაც ფიშერი სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე იწვა.
უშედეგოდ.
ამის მერე, ქალმა სასამართლოს მიმართა ექსგუმაციის მოთხოვნით. რამდენიმე პროცესი წააგო, ბოლოს კი, ორი წლის თავზე, რაღაც მანქანებით საქმე ესპანეთის უმაღლეს სასამართლომდე მიიყვანა და ნებართვაც მიიღო.
მაგრამ რად გინდა – ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბავშვის მამა ბობი ფიშერი არ იყო. ამგვარად, მემკვიდრეობისთვის დავას ერთი პრეტენდენტი გამოაკლდა.
♚♚♚
ამასობაში მიეკო ვატაიმ როგორც იქნა ამოქექა საბუთები, რომ ბობის კანონიერი ცოლი იყო და ისლანდიის სასამართლომ მემკვიდეობა საბოლოოდ ისევ მას მიანიჭა. ქალმა ესეც არ იკმარა და ბობის დისშვილებს 57 ათასი დოლარიც აახია სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.
♚♚♚
ჰო, თავში 8 იანვარი ვახსენეთ, როგორც ბობი ფიშერის პირველი დიდი მიღწევის თარიღი. 8 იანვარი მიეკო ვატაის დაბადების დღეცაა.
♚♚♚
ფოტოები:
ბობი დასთან ერთად, დისშვილით ხელში;
ბობი საწილში მერილინთან და ჯინკისთან ერთად;
მიეკო ვატაი.