ახლა აქ ხართ:
Home > მანჰეტენის ისტორიები > ყველაზე ლამაზი თვითმკვლელობა

ყველაზე ლამაზი თვითმკვლელობა

ეველინ მაკჰეილმა დილას ადრე გაიღვიძა. ფანჯრის მიღმა ჰორიზონტიდან ახლად ამოწვრილი მზე მოჩანდა. გუშინდელი საღამო კი მშვენიერი იყო. მშვენიერი – თუმცა გრძელი და ეველინმა გამოძინება ვერ შეძლო. გოგო საწოლიდან ადგა, აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო. შხაპმა საბოლოოდ გამოაფხიზლა. აბაზანიდან შიშველი გამოვიდა, საწოლ ოთახში შებრუნდა და ხალათი ჩაიცვა. სამზარეულოში გავიდა. ბარის სუფრა უკვე გაწყობილი ჰქონდა. ერთად ისაუზმეს. ბარი ეველინის შეყვარებული იყო, რომელთანაც სპეციალურად ჩავიდა ნიუ იორკიდან ისტონში მისი დაბადების დღის აღსანიშნად.

ბარი კარგ ხასიათზე იყო, შეყვარებულს დღის გეგმებზე უყვებოდა. ეველინს ცალი ფეხი სკამზე ჰქონდა შემოდებული, ყავას სვამდა და იღიმებოდა. რაზე ფიქრობდა? ვინ იცის, თუმცა შეყვარებულს მომდევნო პაემანის დროსა და ადგილზე, ასევე მოახლოებული ქორწილის დეტალებზე ელაპარაკებოდა. ფიქრებით კი, როგორც მერე აღმოჩნდა, სხვაგან იყო.

იქნებ გათხოვილი ქალის სტატუსმა და ერთობლივმა გეგმებმა ააფორიაქა 23 წლის გოგო… და საერთოდ, ნამდვილად სურდა ბარისთან ქორწინება და მის მაკჰეილიდან მისის როდსად გადაქცევა?

ერთი წლით ადრე ეველინი მომავალი მაზლის, ბარის ძმის ქორწილში იყო. ბოლოს, როცა საქორწინო ცერემონია დასრულდა და ეველინი სახლში დაბრუნდა, თავის ოთახში შესვლისთანავე,  საგანგებოდ ქორწილისთვის შეკერილი ტანსაცმელი შემოიხია და სასოწარკვეთილი ხმით იყვირა: აღარასდროს მინდა ამის ნახვა!

ამის მერე ეველინმა ტანსაცმელი, რაც ქორწილში ეცვა, უბრალოდ დაწვა.

საერთოდაც ასე იქცეოდა, როდესაც მისთვის არასასურველი როლის ან ვალდებულების მოცილება სურდა. მაშინაც მსგავსი რამ მოხდა, როდესაც გოგომ ქალთა სამხედრო კორპუსში სწავლა დაასრულა. საარმიო ფორმაც ცეცხლში შეაგდო და დაწვა.

იმ დილს კი ეველინი ნიუ იორკში უკვე 7 საათზე უნდა ყოფილიყო, შყვარებულს ასე უთხრა. მომავალი პატარძალი მხიარულად ემასლაათებოდა ბარის, მატარებელში ჩაჯდომამდე კი საქმროს მოეხვია და ტუჩებში აკოცა. ეველინი მშვიდად და ბედნიერად გამოიყურებდა.

მატარებელი გრანდ სენტრალზე გაჩერდა. ეველინმა იქვე, სენტრალის შენობაში, კიპროანი დოლჩის კაფეში შევიდა, კუთხეში პატარა მაგისდასტან დაჯდა, ოფიციანტი უარით გაისტუმრა და გამოსათხოვარი წერილი  დაწერა. ყველაფერი უკვე მოფიქრებული და გადაწყვეტილი ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე ფორმალობა და უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმა რჩებოდა.

რა ეწერა გამოსათხოვარ წერილში?

„არ მინდა, რომ ჩემი სხეული ახლობლებმა ნახონ. გთხოვთ კრემაცია ჩამოტაროთ. დაკრძალვის ცერემონია საჭირო არ არის. მე და ბარი ივნისში ვაპირებდით დაქორწინებას. მაგრამ არ მგონია, რომ მისთვის კარგი ცხოვრების მეგზური შემეძლება გავხდე. ბარი უჩემოდ უკეთესად იქნება. მინდა, რომ მამამ იცოდეს, ძალიან ვგევარ დედას“.

ეველინმა წერილი გადაკეცა, შავ ტყავის საფულეში ჩადო და გრანდ სენტრალიდან  ვანდერბილტ ავენიუზე გავიდა. 42-ე ქუჩაზე მარჯვნივ გაუხვია, იქიდან კი მეხუთე ავენიუზე აღმოჩნდა. გოგო ემპაირ სტეიტ ბილდინგთან მივიდა. დიდი დეპრესიის დროიდან მოყოლებული, ეს გიგანტური შენობა თვითმკვლელთა საყვარელ ადგილად იქცა.

დილის 10 საათი იყო, როდესაც ეველინი ემპაირ სტეიტის 86-ე სართულზე ავიდა. ცათამბჯენის გადმოსახედ მოედანზე გამოვიდა. 344 მეტრის სიმაღლეზე.

უცნაურია, რომ სწორედ ეს 86-ე სართულზე მდებარე გადმოსახედი მოედანი იზიდავდა ყველაზე მეტად თვითმკვლელებს. რაღაც აუხსნელი ლტოლვა ჰქონდათ ამ მოედნისადმი ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაში სიხარულის და პერსპექტივის ძებნამ უსაშველოდ დაღალა.

ერთი ქალი გადმოხტომის მერე ძლიერმა ქარმა 85-ე სართულზე უკან შენობაში შეაგდო. ეველინს არ სურდა, მეორე გადარჩრნილი ყოფილიყო. არადა, იმ დღესაც

ძლიერი ქარი ქროდა. ქარმა ეველინს თმა გაუწეწა, თუმცა ამას მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა. ეველინმა პალტო გაიხადა. ჩანთაც, რომელშიც წერილი ედო, იქვე დადო. ერთი წამითაც არ შეყოვნებულა და უსასრულობაში მტკიცე ნაბიჯი გადადგა. ემპაირ სტეიტის გადმოსახედ მოედანზე ასასვლელი ბილეთის შეძენიდან გადმოხტომამდე დაახლოებით ნახევარი საათი იყო გასული.

ცხედარი მაშინვე იპოვეს. მორიგე პოლისმენ ჯონ მორისს რაღაც ხმაური შემოესმა და ხმის მიმართულებით წავიდა. პირველად ქათქათა თეთრი შარფი დაინახა, ფარფატა ჩიტივით რომ ეშვებოდა ცათამბჯენიდან. შემდეგ გოგოც დაინახა. გარშემო მყისიერად შეგროვდნენ ადამიანები, უფრო სეირის მოყვარულები. ეველინი ემპაირ სტეიტთან პარკირებულ კადილაკზე დაეცა. ქალი ჩაჭყლეტილ სახურავზე შუშის ნამსხვრევებს შორის თითქოს საგანგებოდ შერჩეული, მოშვებულ პოზაში იწვა. ლამაზი ფეხები ჰქონდა, ხელთათმანიანი ხელი ყელსაბამზე ედო. სახეზე სიმშვიდე აღბეჭდვოდა.

მოგვიანებით პათოლოგანატომი იტყვის, რომ ქალს დაცემისგან სხეულში არც ერთი მთელი ორგანო აღარ შერჩა, მაგრამ გარეგნულად ეველინს თითქმის არაფერი ეტყობოდა. სანახაობა იმდენად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ჩვეულებრივ თვითმკვლელობისას ადამიანებს ემართებათ ხოლმე, რომ იქვე შემთხვევით აღმოჩენილმა სტუდენტმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა რობერტ უაილსმა თავი ვერ შეიკავა და კამერა მოიმარჯვა. ფოტო, რომელსაც მსოფლიო ყველაზე ლამაზი თვითმკვლელობის სახელით იცნობს, ეველინის სიკვდილიდან 4 წუთში არის გადაღებული.

10 დღის შემდეგ უაილსის ფოტო ჟურნალ ლაიფში დაიბეჭდა და მომავალშიც არა ერთხელ გახდა ხელოვანების შთაგონების წყარო. ენდი უორჰოლმა ეველინს თავისი ნამუშევარი – სუიციდი მიუძღვნა.

ოჯახმა ეველინის უკანასკნელი თხოვნა შეასრულა. ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს. ბარი როდსმა კი ეველინის სიკვდილის მერე კიდევ 60 წელი იცოცხლა და ღრმად მოხუცებული ისე გარდაიცვალა, რომ არასდროს დაოჯახებულა.

Facebook
როლან დ'არბანი
პროფესიით ავტომექანიკოსია. მერე ყველაფერი მობეზრდა და სამოგზაუროდ წავიდა. უეცრად გამდიდრდა, ოღონდ არავისთვის მოუყოლია როგორ. საერთდ, ლაპარაკი არ უყვარს. ბევრს კითხულობს, ცოტას წერს, სვამს.

Leave a Reply

Top